ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში მალე ახალი არჩევნები ჩატარდება - მელია ღარიბაშვილზე

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატად წარდგენაზე კომენტარი გააკეთა.

ნიკა მელიას თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩატარდება მალე. როგორც ამბობს, არ უფიქრია იმაზე, თუ ვის დანიშნავდა „ოცნება“ პრემიერად.

„ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ამ ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტს დანიშნავენ პრემიერ-მინისტრად. ხომ გახსოვთ ღარიბაშვილი ერთხელ, როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა. დამთავრებულია „ქართული ოცნება“,- განაცხადა მელიამ.

ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ოცნების“ პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ერთხელ უკვე ეკავა. ის მთავრობას 2013 წლის ნოემრიდან 2015 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა.