პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში განთავსებული ბიძინა ივანიშვილის თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვისაა განკუთვნილი.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს, მან პოლიტიკიდან გასვლის მომენტში, 1 წლის წინ განაცხადა, რომ იტოვებდა მხოლოდ 200 მილიონ დოლარს, აქტივებს, ხოლო დანარჩენი თანხა (და ეს, მათ შორის, ვრცელდება Credit Suisse-ში განთავსებულზეც) მთლიანად მიემართება საქველმოქმედო ფონდში საქველმოქმედო მიზნებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სანქციები ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებს საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას ქართველი ხალხისთვის.
„ეს ნიშნავს არაერთი, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას. ბიძინა ივანიშვილს ისედაც აქვს უკვე 3 მილიონი დოლარი დახარჯული ქველმოქმედებაზე საქართველოში, რას ხმარდებოდა ეს, ყველამ ძალიან კარგად იცის. მომავალშიც არის უამრავი პროექტი დაგეგმილი. მათ შორის არის ისევ და ისევ ტაძრების მოვლა-პატრონობა-აღდგენა, თეატრების აღდგენა, იგივე თბილისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და ა.შ. ეს პროექტები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა სერიოზული პრობლემები. ჯერ თავისია თუ არა, არც იცის. ახლა იმავე პრობლემების შექმნა უნდა საქართველოსთვისაც. ასეთი სანქციები მატერიალური კუთხით ნიშნავს იმას, რომ უამრავი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ქართველი ხალხისთვის, იმავე თბილისის მოსახლეობისთვის, რეგიონების მოსახლეობისთვის, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ“, – თქვა კობახიძემ.
დღეს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველმა იურიდიულმა კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 5 ივლისს ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან, Credit Suisse-სგან წერილი მიიღო.
წერილში განმარტებულია, რომ ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან ვალდებულებები, რის გამოც ტრასტი (ნდობით აღჭურვილი მმართველი) ბიძინა ივანიშვილის თანხებთან დაკავშირებით მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე.