ეს პიროვნული გადაწყვეტილება იყო, სხვა ყველა რჩება პარლამენტში - ხაზარაძე

პუბლიკა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იყო პერსონალური და ფრაქცია ლელო პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს.

„ეს პიროვნული გადაწყვეტილება იყო, სხვა ყველა რჩება პარლამენტში, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არიან“, – თქვა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე, სადაც ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა წარადგინა, განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს.

„2 წელია, რაც პოლიტიკაში ვარ. 2 წლის განმავლობაში არ დამთავრებულა ჩემი პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწებება, მაგრამ მივიწევ წინ, ეს ჩემზე არ მოქმედებს. არ მოვსულვარ პოლიტიკაში იმისთვის, რომ ან სკამი მინდოდა, ან რაღაცას გავქცეოდი.

ჩემი გამოცდილება, რომელიც ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომლებიც ზურგში დანას გირტყამენ და ხმას გართმევენ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, აი, ეს არის მანდატი, მე ვტოვებ პარლამენტს, იმიტომ, რომ თქვენთან ერთად ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა თავისუფალი საქართველოსთვის“, – განაცხადა ხაზარაძემ.