„ეს პროექტი უნდა განხორციელდეს“ - თურნავა ნამახვანჰესზე

პუბლიკა

„ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ და პრემიერმაც ბრძანა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც ნამახვანის პროექტი, ზოგადად ქართული ენერგეტიკა, ენერგიდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. შეიძლება განხორციელდეს უკეთესი პირობებით, იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება გაუმჯობესება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რადგან არსებობს რისკი, რომ კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს, ის თავს იკავებს დეტალებზე საუბრისგან, რადგან შესაძლო დავის შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესები არ დაზიანდეს.

თურნავას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საკითხი არბიტრაჟში არ წავიდეს და საქმე კომპანიასთან კომუნიკაციით გადაწყდეს.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟში „ენკასთან“ არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებით მოგვარდეს ეს საკითხი. თვითონ კომპანია „ენკაც“ არაერთხელ ადადსტურებდა, რომ ისინი არიან ინვესტორები და მშენებლები, მათი ამოცანა არის პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული. ამ მიმართულებით ვართ ჩვენც და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უერთიერთშეთანხმებით მოხდეს  ამ პროექტის გაგრძელება…

ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროექტი შედგეს, გაუმჯობესებული პირობებით, უფრო უსაფრთხოდ, მაგრამ პროექტი აუცილებლად შედგეს“, – განაცხადა მან.


სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ENKA-ს წარმომადგენლობას საქართველოში, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ „ენკა“ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავს.