„ეს ქართულ კინოს უქმნის საფრთხეს!“ - ნანა ჯანელიძე კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებზე

პუბლიკა

„დაუშვებელია ამ წლების განმავლობაში აპრობირებული სისტემის მორღვევა, არაპროფესიონალებით ჩანაცვლება. ეს ქართულ კინოს უქმნის საფრთხეს! აუცილებელია კინოცენტრის სრული დამოუკიდებლობა! მან უკვე წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ მართვის დამოუკიდებელი სისტემა ერთადერთი და ხელშეუხებელია!“ – რეჟისორი და სცენარისტი ნანა ჯანელიძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს აფასებს, როგორც საგანგაშოს.

„საგანგაშოა კინოცენტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.

20 წელიწადზე მეტია, კინოცენტრი უძღვება საქართველოს კინოწარმოებას, კინოგანათლებას, წარადგენს ქართულ ფილმებს საერთაშორისო ფესტივალებზე, უვლის საქართველოს კინომემკვიდრეობას, აფინანსებს საქართველოშო საერთაშორისო კინოფესტივალებს, გამოსცემს წიგნებს, პროფესიულ ჟურნალებს.

კინო – ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. კინოფესტივალებზე ელიან ქართულ ფილმებს, როგორც საქვეყნოდ აღიარებულს. კინორეჟისორების ყველა თაობა განსხვავებულად, საინტერესოდ, ნიჭიერად გვიზიარებს და საუბრობს კინოს მეშვეობით საკუთარ თუ ჩვენი ქვეყნის პრობლემებზე, ტკივილზე, სიხარულზე.

და ეს ყველაფერი ხდება კინოცენტრის ეგიდის ქვეშ. კინოცენტრის, სადაც უკვე ორი ათეული წელია მუშაობენ მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, ქართული კინოს უერთგულესი ადამიანები.

დაუშვებელია ამ, წლების განმავლობაში აპრობირებული სისტემის მორღვევა, არაპროფესიონალებით ჩანაცვლება. ეს ქართულ კინოს უქმნის საფრთხეს! აუცილებელია კინოცენტრის სრული დამოუკიდებლობა!!. მან უკვე წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ მართვის დამოუკიდებელი სისტემა ერთადერთი და ხელშეუხებელია!!“, – წერს ის Facebook-ზე.


11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კონოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომლებმა განცხადება მას შემდეგ დაწერეს, რაც სოციალურ ქსელში კინოცენტრის გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო გოეთეს ინსტიტუტის მიერ გაგა ჩხეიძისთვის მედლის გადაცემაზე. ამ განცხადებაში გოეთეს ინსტიტუტი „მცდარი და ფარისევლური ბრალდებების“ გავრცელებაში დაადანაშაულეს.

გაგა ჩხეიძემ გამოთქვა ეჭვი, რომ ეს განცხადება სამინისტროში იყო დაწერილი.