სახელმწიფო მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განახლებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
„საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა, რაც არ არის საუბედუროდ სიახლე, მაგრამ აი ამ მძიმე ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამგვარი მოქმედებები წარმოაჩენს ძალიან კარგად საოკუპაციო რეჟიმის სახეს. ჩვენ უკვე ჩავრთეთ ყველა არსებული მექანიზმი, პირადად მე ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა პარტნიორთან ჰქონდა უკვე კომუნიკაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, შევატყობინეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ვთხოვეთ, რომ გააძლიეროს ასევე პატრულირება ადგილზე, იქ იმყოფებიან რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება. ამოცანა და მიზანი გახლავთ ის, რომ ერთის მხრივ მოხდეს აი ამ ფაქტის მკაფიო შეფასება და ყველაზე მთავარი – შეკავება, იმიტომ რომ ეს ქმნის დამატებით უსაფრთხოების და მძიმე ჰუმანიტარულ გამოწვევებს ადგილზე“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.