ეს საკითხი დღესაც მწვავედ დგას – მინისტრი ბავშვების შიმშილობის თემაზე

პუბლიკა

„ნამდვილად იყო ძალიან მწვავე დისკუსიიის თემა ეს წლების წინაც. ეს საკითხი დღესაც მწვავედ დგას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დეპუტატ რევაზ არველაძის შეკითხვის პასუხად, შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში.

„უნდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის იანვრიდან 5-ჯერ გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება, ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი ბენეფიტი და ჯერ მთავრობასაც ძალიან ბევრი აქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები არა მხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ მათი კეთილდღეობისთვის ძალიან ბევრი გავაქს გასაკეთებელი. მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი, ყველას ერთობლივი საზრუნავია, ერთობლივი ძალებით და იმ მოტივაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, შევძლებთ ამ პრობლემის დაძლევას, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროს ნამდვილად ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი უდგას გვერდში. გვეხმარებიან, რომ გავაანალიზოთ ის პრობლემები, რომლებიც დღეს გვაქვს. ვმუშაობთ იმ გამოსავლებზე, რომელიც ყველაზე კეთილგონიერი იქნება ბავშვებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს უსმენენ.

„მინდა, თქვენ გააკეთოთ განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები“, – ამ შეკითხვით მიმართა დეპუტატმა, რევაზ არველაძემ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკატაძეს, რომელსაც მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში უსმენენ.

გუშინ არველაძის განცხადებას, იმის შესახებ, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ, კრიტიკა მოჰყვა.

„გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ… საქმე ის არის, რომ მე ძალიან კარგად მესმის, რომ საქართველოში არის გაჭირვებული მდგომარეობა. საქართველოში მთავარი პრობლემა არის სიღარიბე. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, ასეთ გაჭირვებულ ბავშვებს პრობლემები ექმნებათ როგორც განათლების, ისე სამედიცინო მომსახურების, სოციალური საკითხებისა და ა.შ. თუმცა სულ სხვა ამბავი არის, ჩემი აზრით, შიმშილი. მე შემდეგ განცხადებაც გავაკეთე, რომ ამისათვის გამოყოფილი არის 70 მილიონი ლარი. ყოველთვიურად ეძლევათ ასეთ ბავშვებს კვების ბარათები, ვაუჩერები. არსებობს სხვა პროგრამები, თუმცა შეიძლება, მე მეშლება და მინდა თქვენ გააკეთოთ ეს განმარტება, შიმშილობენ თუ არა საქართველოში ბავშვები?“, – მიმართა არველაძემ ჯანდაცვის მინისტრს.

საქართველოს პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის თქმით, საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ. შეკითხვა, ბავშვთა სიღარიბის შესახებ უმრავლესობის წევრს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დაუსვა.

კითხვა კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლას და იმ მიზეზს ეხებოდა, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ოფიციალურად დასახელდა.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა გააკეთა მთავრობამ კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ, ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით,  არველაძემ უპასუხა: „ბავშვები არ შიმშილობენ საერთოდ. მე ვერ ვიჯერებ ამას. თუ ვინმე შიმშილობს, ესე იგი, ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული“, – უპასუხა ჟურნალისტს რევაზ არველაძემ.

 

 

 

 

 

 

UNICEF-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2017 წლებში შემდეგია:

  • 2009 – 11.5%
  • 2011 – 9.4 %
  • 2013 – 6 %
  • 2015 – 2.5 %
  • 2017 – 6.8 %