საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა, მით უფრო, პანდემიის პირობებში, როცა ლაბორატორიის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის საქმეში, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ცხადია, შეტევის მიზანი მხოლოდ ლაბორატორიის პარალიზება არ ყოფილა. ერთი მხრივ, ეს საქართველოს დაშინების მორიგი მცდელობაა. ასევე, ნიშანდობლივია და მთელ რიგ კითხვებს ბადებს თავდასხმისათვის შერჩეული დრო და ის უსუსური მინიშნებები და მცდელობები, რომლებიც პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით გამოიყენა რუსულმა მხარემ ალექსეი ნავალნის მოწამვლისას გამოყენებული ნივთიერების წარმომავლობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა შესაბამის სტრუქტურას, უახლოეს დროში მოხდეს ლუგარის ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიება.