ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - აშშ-ის საელჩო ოქრუაშვილისთვის გამოტანილ განაჩენზე

პუბლიკა

აშშ-ის საელჩო პარტია თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 20 ივნისის საქმეზე გამოტანილ განაჩენს – თავისუფლების 5 წლით აღკვეთას გამოეხმაურა.

საელჩოს განცხადებით, დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას – საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სასამართლომ გუშინ მიუსაჯა. ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, მაგრამ ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა 6-დან 9 წლამდე პატიმრობას, ხოლო მასში მონაწილეობა კი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.