თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლეს კიდევ ერთხელ მიმართეს შეკითხვით, რა ძალისხმევა გასწია სასამართლომ საიმისოდ, რომ ახალი კანონის მიღების შემდეგ უზრუნველყოფილი იყოს სხდომის გადაღება მედიის ან სასამართლოს/უფლებამოსილი პირის მიერ.
ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლეს ჰკითხა, როდემდე უნდა ირღვეოდეს სხდომების საჯაროობის პრინციპი.
„მინიმუმ „TV პირველს“ ორშაბათიდან დაწერილი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადება გადაღებასთან დაკავშირებით და ამ საქმეზე გვაინტერესებს, გაქვთ თუ არა პასუხი და კიდევ ერთი – წინა პროცესის მსგავსად რომ არ განმეორდეს, რომ იუსტიციის საბჭოდან არ გაქვთ პასუხი და არ იცით, რა ხდება, ვალდებულება რაც აქვს სასამართლოს, რომ განსაზღვროს უფლებამოსილი პირი და უზრუნველყოს გადაღება, ამასთან დაკავშირებით რა პასუხი აქვს სასამართლოს? როდემდე უნდა ვიყოთ გაშუქების გარეშე, როდემდე უნდა დაირღვეს საჯაროობის პრინციპი?“, – განაცხადა მიგინეიშვილმა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აღნიშნა, რომ სხდომებზე მედიის მუშაობას იუსტიციის საბჭო გამსაზღვრავს და მოსამართლე მოკლებულია შესაძლებლობას, ეს უზრუნველყოს.
„მოგეხსენებათ, მედიის დაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ, იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შესაბამისად, დღევანდელი თუ სხვა სხდომების გადაღების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ.
დღევანდელი მოცემულობით, საბჭოს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია განცხადება, რომელიც გადაღების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს აღნიშნული“, – განაცხადა გალუსტაშვილმა.
თორნიკე მიგინეიშვილმა მოსამართლეს მიუთითა ახალმიღებული კანონის პირველ ნაწილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლოში ფოტო- კინო- ვიდეო- აუდიოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.
ადვოკატის თქმით, საბჭოს მხრიდან გასაცემ ნებართვებზე მოსამართლის პოზიცია იცის და მას აინტერესებს, რა პოზიცია აქვს სასამართლოს იმაზე, რომ მან უნდა უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
„მეორე საკითხზე თქვენი პოზიცია ვიცით და ესეც უკანონოა, მაგრამ ამ საკითხზე აღარ ვამახვილებთ ყურადღებას, იუსტიციის საბჭოსკენ მიუთითებს სასამართლო.
პირველ ნაწილზე მაინტერესებს პასუხი. თქვენ ხომ სასამართლოს წარმოადგენთ. აქ პირდაპირ წერია, რომ სასამართლო არის უფლებამოსილი და სასამართლომ უნდა უზრუნველყოსო.. მესმის, რომ კანონია მიღებული, რომლის აღსრულებაც როგორ მოხდება, არავინ იცის და ჯერჯერობით სასამართლომაც ვერ განსაზღვრა უფლებამოსილი პირი, მაგრამ მეორე საკითხზე არ გვინდა საუბარი, იუსტიციის საბჭოს ჩვენ მივხედავთ და პირველ საკითხზე რა ხდება? ან იუსტიციის საბჭოს თუ ეუბნებით, რომ ადვოკატები ყოველდღიურად გვიყენებენ განცხადებებს და რას აპირებთ, ამ განცხადებებს როდის განიხილავთო?
ამას თუ ეკითხებით, თქვენ, როგორც მოსამართლე, რომელსაც ინტერესი უნდა გქონდეთ საჯაროობის პრინციპის დაცვის სასამართლოს ნაწილში, მაინტერესებს თქვენი პასუხი, რა გააკეთეთ იმისთვის, რასაც წინა პროცესზე დაგვპირდით და ახლაც, როცა კანონი გავალდებულებთ, რომ სასამართლომ უნდა უზრუნველყოთ, ამ ნაწილში რა მოიმოქმედეთ?“, – მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს.
„განგვიმარტეთ, გთხოვთ, თქვენ როგორ იგებთ ამ ჩანაწერს, სასამართლო მოგემართებათ თქვენ, ქალბატონ ნინო გალუსტაშვილს თუ მიემართება თბილისის საქალაქო სასამართლოს?“, – დაინტერესდნენ ადვოკატები.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა მოითხოვა, მოსამართლეს საოქმოდ დაეფიქსირებინა პოზიცია აღნიშნულზე.
„სასამართლოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს საჯაროობის პრინციპი. საჯაროობის პრინციპის უზრუნველყოფა არ ნიშნავს, რომ კონკრეტული მედიის წარმომადგენელს, როგორც დამსწრეს, ისე მისცეს საშუალება, ესწრებოდეს პროცესს და ასე უზრუნველყოფდეს იმის გასაჯაროებას, რაც აქ ხდება.
მიმართულია იუსტიციის საბჭოსთვისაც და გარდა ამისა, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა, გამოყოს უფლებამოსილი პირი და ამ უფლებამოსილმა პირმა აწარმოოს ტრანსლირება.
მოვითხოვთ, საოქმოდ სასამართლომ დაგვიფიქსიროს პოზიცია ამ საკითხზე, რა ხდება, როდემდე უნდა იყოს საჯაროობის პრინციპი დარღვეული.
მოსამართლის განცხადებით, სხდომას ბევრი ადამიანი ესწრება, რითაც საჯაროობის პრინციპი უზრუნველყოფილია, ხოლო სხდომის გადაღება და ჩაწერა უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოს გადასაწყვეტია და არა მოსამართლის.
„საჯაროობის პრინციპი დარღვეული არაა, რადგან დღევანდელ სხდომაზე უამრავი ადამიანი იღებს მონაწილეობას, დამსწრე პირები. საჯაროობის პრინციპი იმას გულიხმობს, რომ ნებისმიერ ადამიანის მიმართ, ეს იქნება მედიის წარმომადგენელი თუ რიგითი პირი, შეზღუდვა არ ყოფილა და არ იქნება. საჯაროობის პრინციპი ამ ნაწილში არაა დარღვეული.
გარდა იმისა, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ სასამართლოს გადასაწყვეტია და არა მოსამართლის, როგორ და რა ფორმით იწარმოებს გადაღება ან ჩაწერა, განგიმარტავთ, სასამართლოს გადასაწყვეტია და არა მოსამართლის, სასამართლომ განმარტება გააკეთა…
ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ბატონო თორნიკე, ამ საკითხზე არ ვმსჯელობთ ახლა“, – განაცხადა გალუსტაშვილმა.
ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა შუამდგომლობაც დააყენა, რომ სასამართლომ გამოყოს უფლებამოსილი პირი. მოსამართლემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამ საკითხზე განმარტება უკვე გააკეთა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 26 ივნისს მიიღო საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები, რომელიც 27 ივნისს ძალაში შევიდა.
ცვლილების მიხედვით, სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომისდარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამასახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი.
სასამართლო სხდომის ფოტო- ვიდეო- და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.
კანონის ამოქმედების შემდეგ იუსტიციის საბჭოს გადაღების ნებართვაზე არაერთმა მედიასაშუალებამ მიმართა, თუმცა მათ საბჭოსგან პასუხი არ მიუღიათ.