ეს საზოგადოების ხაზგასმითი შეურაცხყოფაა – ხოშტარია შოთაძის დანიშვნაზე

პუბლიკა

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მთავარი პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. სხდომა 2 საათზეა ჩანიშნული. პარლამენტის უკან, შესასვლელთან ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები აქციას მართავენ.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ოპოზიცია, ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტში შესვლას გეგმავს. შოთაძის კანდიდატურას დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე ხვალ გაიტანენ. ელენე ხოშტარიას თქმით, ხვალ ოპოზიცია სირცხვილის კორიდორს მოაწყობს.

„ივანიშვილს ტექნიკურად არ სჭირდებოდა, მაინც და მაინც შოთაძე დაენიშნა, რომ თავისი საქმეები შეესრულებინა. უბრალოდ, ეს არის ხაზგასმითი შეურაცხყოფა საზოგადოების, რომ მე რასაც მინდა, იმას ვიზამ. „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც შეურაცხყოფს. ყველას შეურაცხყოფს და ეს ხდება, როცა საერთაშორისო საზოგადოება ეუბნება, რომ მოეშვით პოლიტიკურ დევნას და შოთაძე კი პოლიტიკური დევნისა და უსამართლობის თოჯინაა. ჩვენ ბოიკოტს არ ვწყვეტთ, ცხადია და არ ვაპირებთ შოთაძისთვის კითხვების დასმას. პროტესტი არსებობს, არის ხალხში და არ ვართ ივანიშვილის მართული თოჯინები. ჩვენ დაანონსებული გვაქვს ხვალ სირცხვილის კორიდორები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ირაკლი შოთაძემ პროკურორის თანამდებობა 2018 წელს ხორავას საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა. შოთაძის შემდეგ პროკურორად შალვა თადუმაძე აირჩია პარლამენტმა, უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ გამწესების შემდეგ კი პროკურორის თანამდებობა ისევ ვაკანტური გახდა. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.