ეს შეიძლება იყოს არაპირდაპირი განზრახვა და არა გაუფრთხილებლობა - კახიძე „ბრმა ტყვიის" საქმეზე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ოთო კახიძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს არაპირდაპირი განზრახვის ცნებას.

საუბარია დანაშაულზე, როდესაც ნასვამმა პოლიციელმა აივნიდან გასროლით იმსხვერპლა ბინაში, ტელევიზორის წინ მჯდომარე მოქალაქე.

„როდესაც პირმა იცის, რომ მის წინ კორპუსია, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, იცის, რომ, როდესაც ადრე ისროლა, ტყვია მოხვდა საცხოვრებელ კორპუსს.  ამ ყველაფერს აცნობიერებს და მაინც ისრვის, ეს ყველაფერი შეიძლება, დაკვალიფიცირდეს, როგორც არაპირდაპირი განზრახვა და არა გაუფრთხილებლობა“. – ამბობს კახიძე.

კახიძის თქმით, ეს მტკიცებულებების შეფასების თემაა და გამოძიებამ უნდა დაამუშაოს ეს ვერსია.

„წინა ინციდენტიდან გამომდინარე, ჩემთვის აღარ არის სარწმუნო გაუფრთხილებლობის ვერსია, ვინაიდან ამ პირმა იცოდა, რომ ადრე უკვე მოხვედრია მისი გასროლილი ტყვია მეზობელ კორპუსს. მან იცოდა, რომ შეიძლებოდა, ახლაც მოხვედროდა ფანჯარას, საძინებელს, აივანზე მყოფ ადამიანს. ეს წააგავს არაპირდაპირი განზრახვის კვალიფიკაციას”.  – ამბობს დეპუტატი.

კახიძე ამბობს, რომ სისტემა იცავს კანონდამრღვევ პოლიციელს, რომელიც ჩრდილს აყენებს კანონმორჩილ და სამართალდამცავ პოლიციელებს.

გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით პოლიციელი დღეს დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დააკავეს.

ეს მუხლი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.