„ეს შეხვედრა იყო პასუხი ზელენსკის განცხადებაზე” | ფიცო პუტინს შეხვდა

პუბლიკა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

ფიცოს განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი იყო რეაქცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებზე, რომ უკრაინის გავლით გაზის ნებისმიერი ტრანზიტის წინააღმდეგია.

„ჩემი დღევანდელი შეხვედრა იყო რეაქცია ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომელმაც ხუთშაბათს ჩემს პირად შეკითხვას უპასუხა, რომ უკრაინის გავლით ჩვენს ტერიტორიაზე გაზის ნებისმიერი ტრანზიტის წინააღმდეგია“, – წერს ფიცო.

სლოვაკეთის პრემიერი ამტკიცებს, რომ ვლადიმირ პუტინმა მასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ რუსეთი მზადაა, დასავლეთისთვის და სლოვაკეთისთვის გაზის მიწოდება გააგრძელოს, „თუმცა, ზელენსკის პოზიციის გათვალისწინებით, პირველი იანვრის შემდეგ ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება”.

ფიცოს თქმით, პუტინთან განიხილა უკრაინაში არსებული ვითარება და კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობები, ასევე მოსკოვსა და ბრატისლავას შორის ურთიერთობები.

„პროგრესული სლოვაკეთის” ლიდერმა, მიხალ სიმეცკამ, ფიცოს პუტინთან შეხვედრა შეაფასა როგორც „სლოვაკეთის სირცხვილი და ეროვნული ინტერესების ღალატი”.

მანამდე, სლოვაკეთის პრემიერმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მალე ესტუმრებოდა მოსკოვს, სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდების განსახილველად – იმასთან დაკავშირებით, რომ 1 იანვარს უკრაინა გაზის ტრანზიტის შეწყვეტას აპირებს.

ეს სლოვაკეთის ლიდერის პირველი ვიზიტია მოსკოვში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.