კულტურის და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა.
„ბევრი ამბობდა, რომ ის დაბრუნდებოდა და ჩაუდგებოდა „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში. იმედი მქონდა, რომ ის ამას არ გააკეთებდა. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, რომ ვთქვა ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-თქო, მაგრამ გამიკვირდა, ამას ვიტყვი.
მე მგონია, რომ ჯობდა არ წასულიყო, ეს შემობრუნება ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს. ის თუ შემობრუნდა და როგორც ჩანს, მას ეს გადაწყვეტილი აქვს, ის ჩვენი ოპოზიცია იქნება, შესაბამისად, ჩვენ ოპონირება მოგვიწევს.
ეს ერთის მხრივ, საინტერესო იქნება. ვერ ვიტყვი, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ საზიანო იქნება. ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია. თუმცა გუნდში ყველას, ვინც პარლამენტში ვნახე, ყველა გაკვირვებული იყო, მე მათ შორის, პირველი, მისთვის პიროვნულად ეს რამდენად კარგია, მე ისევ ჩემ აზრზე ვრჩები, იმიტომ რო მეს უკან დაბრინება მისთვის…იქნება კითხვები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს და რამდენად კომფორტული კითხვები იქნება, მე არ ვარ დარწმუნებული“, – განაცხადა წულუკიანმა.
დღეს ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ გიორგი გახარიამ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. გახარია ამბობს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და არც პოლიტიკიდან მიდის.