ეს შეთანხმება დიდი ნაბიჯია ნატოსთან პარტნიორობისა და წევრობის გზაზე - კინზინგერი

აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ შეთანხმებას განცხადებით გამოეხმაურა. კინზინგერმა მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და ქართველ ხალხს დემოკრატიული რეფორმების გზაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცა.

„დემოკრატია მარტივი არ არის, ის მძიმე შრომას მოითხოვს, თუმცა უდაოდ ღირს ამად. მე მინდა ქართველ ხალხს მივულოცო ის დემოკრატიული რეფორმები, რომლის მიღწევაისთვისაც დიდი ხანია იბრძვიან. ტაშს ვუკრავ მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ამერიკის საელჩოს საქართველოში, კელი დეგნანის ხელმძღვანელობის ქვეშ. გრძელი გზა იყო ამ შეთანხმებამდე, თუმცა მზადყოფნისა და კომპრომისის გზით, დემოკრატიის გაძლიერებისთვის საჭირო ნაბიჯები გადაიდგა.

როგორც საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, მე ამაყი ვარ, რომ მქონდა როლი ამ მოლაპარაკებების პროცესში და მე მუდამ მზად ვიქნები, დავეხმარო საქართველოს, დარჩეს ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად.  ეს შეთანხმება გააძლიერებს მათ [ქართულ] დემოკრატიას და დაეხმარება  ნატოსთან პარტნიორობის, ხოლო დროთა განმავლობაში წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგაში. ვაპირებ კვლავ ვეწვიო საქართველოს მომავალში ამ პოზიტიური სვლის გაძლიერების მიზნით”,- წერია კონგრესმენის განცხადებაში.


ოპოზიციასა და ხელისიფლებას შორის შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.