ეს შიდა გავრცელება არ გახლავთ - გამყრელიძე კორონავირუსის 2 ახალ შემთხვევაზე

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ორი ახალი შემთხვევა ვირუსის შიდა გავრცელება არ არის და, მისი ინფორმაციით, მარნეულსა და ბოლნისს არ უკავშირდება.

„რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, მარნეულს და ბოლნისს არ უკავშირდება. ეს დაზუსტდა სულ ნახევარი საათის წინ, ამიტომ დანარჩენ საკითხებზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, რა თქმა უნდა, მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ, სანამ ეს ინფორმაცია ზუსტდება, მანამდე ღია ეთერში ვერ მოგახსენებთ. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ეს შიდა გავრცელება არ გახლავთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში.

შეკითხვაზე, გვაქვს თუ არა მოცემულ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსის შიდაგავრცელების შემთხვევა, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ გუშინ დადასტურებულ ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა წყაროს დასადგენად, რაც, გარკვეულწილად, გართულებულია, პაციენტის მრავალმხრივი კონტაქტების გამო.

„მარნეულის შემთხვევაზე ჩვენ უკვე გასული ვართ (ინფიცირების წყაროზე) და ვიცით დაახლოებით პირველწყარო რა იყო, ანუ იმას აღარ ჩავთვლით დიდი ალბათობით შიდა გავრცელებად, მაგრამ გვაქვს ერთ-ერთი რთული არა კლინიკურად, არამედ ამ კონტაქტების თვალსაზრისით შემთხვევა, გუშინ დადასტურებული, სადაც ინტენსიური მუშაობა მიდის კონტაქტების გამოსავლენად.  იქ გვაქვს ცოტა მეტი ეჭვი, რომ შესაძლოა, პირველწყაროზე ვერ გავიდეთ. ეს შემთხვევა არ უკავშირდება ბოლნისს“, – განმარტავს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 83-მდე გაიზარდა, – მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე აისახა.

გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ამ დროის მონაცემებით, არის 14;

კარანტინის რეჟიმში – 4505 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247;