ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება - სენატორი შაჰინი სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლაზე

პუბლიკა

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. მისი პოზიციით, სააკაშვილი 2012 წელს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა და საკუთარი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, მომდევნო წელს კი, სენატორის თქმით, სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა.

„ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება“, – ამბობს შაჰინი „ამერიკის ხმასთან“.

„ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც სურს, რომ ხალხმა აირჩიოს და ყველა არჩეულმა პირმა, ქვეყნის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენოს“, – ამ მოსაზრებას აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი სენატორი რონ ჯონსონი გამოთქვამს.

მას „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ სააკაშვილის დააპატიმრებენ, შეერთებული შტატები მის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვს თუ არა.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სიმშვიდეს და პოლიტიკურ სტაბილურობას. არ მგონია შეერთებულ შტატებში ვინმემ მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ისეთ მოქმედებას, რომელიც სიტუაციის გამძაფრებასა და დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად – არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამას. ჩვენ გვსურს საქართველომ საკუთარ მიზნებს მიაღწიოს. იმედი გვაქვს, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე, ყველა პარტია, ყურადღებას საერთო ინტერესებზე გაამახვილებს, რაც დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას, მზარდ ეკონომიკას, მშვიდობას და სტაბილურობას მოიცავს და არა – რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას“, – განაცხადა მან.