ეს ტრაგედია სცდება ოჯახს და ქვეყნის ტრაგედია ხდება – პრემიერი ბაჩალიაშვილის საქმეზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და ოჯახს მიუსამძიმრა.

პრემიერის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს მნიშვნელოვანია საზოგადოების პროაქტიული ინფორმირება.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩვენს ქვეყანაში მოხდა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გაურკვეველ პირობებში გარდაცვალება არის უაღერესად მძიმე შემთხვევა. მინდა, პირველ რიგში, სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, თუმცა, ეს ტრაგედია სცდება ოჯახს და ქვეყნის ტრაგედია ხდება. შესაბამისად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, ოჯახს უნდა გავუფრთხილდეთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებს.

რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, შსს-ს მინდა დავავალო, მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეს გარკვეული სპეკულირებისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა პრემიერმა.

გუშინ, ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩილიაშვილს შესაბამისი უწყებები ოთხი დღე ეძებდნენ. ის ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.