საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად მიეცემა შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. მისი თქმით, ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში.
„რამდენიმე საათში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.
ეს გადაწყვეტილება არის და იქნება შედეგი 12 წლიანი შრომის, ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პირველი, საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება, საქმის, 2008 წლის ომის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, უახლოეს პერიოდში, უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები უწყებათაშორის კოორდინირებული მუშაობის ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და ჩვენს საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღეს გამოაცხადებს საბოლოო გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის გამო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე. საქართველო რუსეთს ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.