ეს წერილი ადასტურებს, როგორაა შეზრდილი ღარიბაშვილი ივანიშვილთან - იაგო კაჭკაჭიშვილი

პუბლიკა

„ეს წერილი დასტურია იმისა, როგორ არის შეზრდილი ღარიბაშვილი ივანიშვილთან. ფაქტობრივად მათ შორის ზღვრის გავლება წარმოუდგენელია“, – ამის შესახებ სოციოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პრემიერის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილი საზოგადოებას ეუბნება, რომ ის არის ივანიშვილის გარემოცვის განუყრელი წევრი და თავი მიაჩნია გამორჩეულ ადამიანად, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში იმყოფება.

„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ვხედავთ ან ვკითხულობთ ღარიბაშვილს და მის უკან დგას მამის აჩრდილი, ივანიშვილის აჩრდილი. ეს ამის ნათელი დადასტურებაა“, – ამბობს ის.

სოციოლოგის თქმით, ხშირად ისმის კითხვა, რა ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილი დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს და მას ქართულ პოლიტიკაზე აქვს გავლენა, რის საილუსტრაციოდაც მას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს.

„რა არის მაჩვენებელი იმისა, რომ ივანიშვილი დგას ჩრდილში, მაგრამ ამავე დროს დგას ავანსცენაზე? –  ამას სხვადასხვა რამ აჩვენებს. შევხედოთ მთავრობას. მთავრობის წევრების უმრავლესობა არის მისი საბანკო კორპორაციის წევრი, ან ყოფილი წევრი. ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან დაკავშირებულნი ივანიშვილის ფინანსურ ოპერაციებთან და ბიზნესთან. მთავრობა დაკომპლექტებულია ივანიშვილის კადრებით.

მეორე – ყველასთვის შესამჩნევია და ზედაპირზეა, რომ ნებისმიერი დამსახურება, რომელსაც მთავრობა მის სასიკეთოდ მიიწერს, ყოველთვის მიდის ივანიშვილამდე. რაგბში გამარჯვებაც კი, საბოლოოდ, დაუკავშირდა ივანიშვილს. ნებისმიერი კრიტიკა კი მიდის ივანიშვილის კრიტიკამდე, ივანიშვილის დისკრედიტაციამდე. ხელისულება ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ეს საბოლოო ჯამში მიმართულია ივანიშვილის დისკრედიტაციაზე“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებულ საკითხის გაქარწყლებაში ჩართულია ყველა, რიგითი დეპუტატისგან დაწყებული მთავრობის წევრებით დასრულებული.


პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე 5-გვერდიანი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჰყვება. წერილში ის 2012 წლამდე მოვლენებს და 2012 წლის შემდეგ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ პროცესებს იხსენებს. წერილში დასაწყისში ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მის ურთიერთობებზე საუბრობს. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კამპანია სრულიად დაუსაბუთებელია და საქართველოს მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.