ეს ყრუ და ძალადობრივი სისტემა საზრდოობს ჩვენი გულგრილობითაც - გურამ იმნაძე

პუბლიკა

„ეს ყრუ და ძალადობრივი სისტემა საზრდოობს ჩვენი გულგრილობითაც”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტმა გურამ იმნაძემ „tv პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და წლების განმავლობაში საზოგადოება ხედავს, ისმენს და განიცდის მსგავს ტრაგედიებს, გამოხატავს აღშფოთებასა და ბრაზს, მაგრამ სისტემა არ იცლება. იმნაძის შეფასებით, ნათელია, რომ სისტემა არ არის მიბმული ერთ კონკრეტულ მინისტრზე თუ პოლიტიკურ პარტიაზე.

„თუნდაც ის, რომ წლების წინ, დემურ სტურუას შემთხვევაზე არავითარი შედეგი არ დადგა და საპოლიციო სისტემამ ისე გააგრძელა მუშაობა, როგორც მუშაობდა, ეს საზოგადოებამ ჩვეულებრივად მივიღეთ. არაერთი სხვა მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა მომხდარა. ეს არ უკავშირდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გადამეტებას, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას ან სხვა საკითხებს, რაც სისტემურად დგას ჩვენს საზოგადოებაში”, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, მთელი საზოგადოება უნდა იყოს პროტესტის რეჟიმში, რათა მოხდეს სისტემური ცვლილებები.

„ეს უნდა იყოს ყოველმხრივი სახალხო პროტესტი, უნდა შეიცვალოს ეს გულგრილი, ძალადობაზე დაფუძლებული სისტემა, რომელიც არავითარ მგრძნობელობას არ გამოხატავს ადამიანების მიმართ. მით უმეტეს, ეს სისტემა ყოველთვის მზად არის, რომ განსაკუთრებით ჩაყლაპოს და დაჩაგროს სუსტი”, – ამბობს იმანაძე,

მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, კონკრეტული ადამიანი დაისჯება თუ არა, მთავარი საკითხია სახელმწიფო, შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება თუ სხვა უწყებები, როგორც რაგირებენ ამ პრობლემებზე.

„ლუკას შემთხვევაშიც პირველ დღეებში ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური რეზისტენტობა, სანამ საზოგადოებრივი პროტესტი არ დავინახეთ. უწყებები, სახელმწიფო თვითრეაგირებას არ აკეთებს არცერთ მსგავს შემთხვევაზე და თუკი რაიმე ნაბიჯს დგამს, ვითომ რეაგირების მიზნით, ეს რეაგირება არის ყოველთვის მოჩვენებითი და ფრაგმენტული  და არსებული პრობლემების ფუნდამენტურად აღმოფხვრისკენ არასდროს არის მიმართული“, – განაცხადა იმნაძემ.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში 20 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედისა და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.