„ეს ყველაფერი ტყუილია“ – „ქართული ოცნების“ წევრები მევახშეობაზე „ლელოს“ ბრალდებას უარყოფენ

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების” დეპუტატები – ილია წულაია, ისკო დასენი და ბექა ოდიშარია, დავით სონღულაშვილი ტყუილს უწოდებენ „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებას. დღეს პრესკონფერენციაზე „ლელომ“ „ქართული ოცნების“ 4 წევრი მევახშეობაში დაადანაშაულა.

„მე ყველაფერი ნაჩვენები მაქვს დეკლარაციაში და ეს არის ჩემს კომპანიაში ინვესტიცირებული თანხა. ამას რომ ვერ ან არ არჩევს ეს ადამიანი, არის მატყუარა და ნაძირალა. ასე რომ იწყებს კარიერას, ეს არის მისთვის დასაწყისშივე დასასრული…”, – ამბობს „TV პირველთან” საუბრისას დეპუტატი ილია წულაია.

„ტყუილია ეს ყველაფერი, ტყუილია. მე ბიზნესმენი არ ვარ. არანაირი კავშირი იმასთან, რაც ჩემზე თქვეს, არის აბსოლუტური ტყუილი… არასდროს გამიპროცენტებია… მე 27 წელი ვიმუშავე პროკურატურაში. 2016 წლიდან ვარ პარლამენტში. მე ბიზნესმფლობელიც კი არ ვყოფილვარ არასდროს”, – აცხადებს „ლელოს” ბრალდებებზე ისკო დასენი.

ბრალდებებს ასევე უარყოფს დეპუტატი ბექა ოდიშარია.

„რა მევახშეობა, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ. ადამიანზე მაქვს გაცემული თანხა? ვინმესთვის ბინა მაქვს წართმეული? ზოგიერთისგან განსხვავებით, უკანასკნელი საცხოვრისი მაქვს ვინმესთვის წართმეული თუ რა?! წელგამართულ კომპანიებში მაქვს შეტანილი ჩემი ალალი შრომით…”, – ამბობს ოდიშარია.

„პუბლიკასთნ” საუბრისას დავით სონღულაშვილი ბუაძის განცხადებას არასერიოზულსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.

„მისი თანამოაზრეების პოზიცია არის და ამიტომ ცდილობს რაღაცა გადაბრალებით საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. იმიტომ, რომ მსგავსი რამ, ფაქტობრივად, არ არსებობს. მე თვითონ, როგორც დავით სონღულაშვილს, აღებული მაქვს სესხი ბანკიდან და ჩემსავე კომპანიაზე მაქვს გადასესხებული. აქედან გამომდინარე, იმდენად უპასუხისმგებლო, არასერიოზული განცხადება არის, რომ ძალიან უხერხულია… ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანი პოლიტიკაში შემოდის, გადაამოწმოს ინფორმაცია და არ ჩაიგდოს თავი უხერხულ მდგომარეობაში, საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავს“, – ამბობს სონღულაშვილი.


დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ 4 წევრი:  ილია წულაია, ისკო დასენი, ბექა ოდიშარია და დავით სონღულაშვილი მევახშეობაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მევახშეების პირდაპირი მფარველი არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. „ეს არის ხელისუფლება, რომელიც მფარველობს მევახშეობას, ეს არის ხელისუფლება, რომელიც არაფერს არ აკეთებს კერძო მევახშეობის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან.