ეს ზუსტად ის სიტყვებია, რაც გუშინ მითხრა იქ დამხვედრმა - ჩვენს სიწმინდეებს, იდენტობას ერჩითო - ბერძენიშვილი კობახიძეზე

პუბლიკა

„რა ფალანავანდიშვილი და რა კობახიძე – ერთი და იგივე ტექსტებს ლაპარაკობენ“, – ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„ეს ის ხალხია, რომელიც „ვინც მოვიდა გაუმარჯოს“ კატეგორიიდან არის. „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილან ოპოზიციაში, არცერთი ხელისუფლების მიმართ არ ყოფილან პროტესტანტები, არც 7 ნოემბერს და არც 2009 -ში ყოფილან მიტინგების დროს. ეს არის გახელისუფლებულ „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც უკადრებელს კადრულობენ. როცა არ გაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, რასაც დაგავალებენ იმას იტყვი. კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება ებრძოდა „რესპუბლიკურ პარტიასაც“ და ძმებ ბერძენიშვილებსაც, რომელმა იხეირა? ჩვენ არ დავმარცხებულვართ არც ერთ ხელისუფლებასთან, ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, ახლა კობახიძისნაირი „მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილის თქმით, მას და ხათუნა სამნიძეს ხელისუფლებამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა გუშინდელი თავდასხმის შემდეგ, ხოლო კობახიძის და მისი პარტნიორების მხრიდან მოწოდებები, პრაქტიკულად არის ამ სტატუსის პოლიტიკური განულება.

„პრაქტიკულად ხელისუფლება ეუბნება მის „ორკებს“ რომ ხსნილია, რომ „სიწმინდეებს გვიბღალავენ, იდენტობას ვიცავთ“. ეს ზუსტად ის სიტყვებია, რაც მე გუშინ მითხრა იქ დამხვედრმა კაცმა – ჩვენს სიწმინდეებს ერჩით, ჩვენს იდენტობას. ეს არის ის ტექსტები და ვეთანხმები სალომე სამადაშვილს, რომ კოლექტიური კობახიძეა „ქართული ოცნება“, არიან „ორკები“ და „ორკების“ კოლექტიური სახელი. რა ფალანავანდიშვილი და რა კობახიძე – ერთი და იგივე ტექსტებს ლაპარაკობენ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.


პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ამ კამპანიის ნაწილია, კობახიძის თქმით, ძმები ბერძენიშვილების განცხადებები.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული, გამოძიება კი ძალადობის მუხლით გრძელდება. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი აცხადებენ, რომ გუშინ, 6 ივნისს რუსთაველის გამზირზე მათ 2 ადამიანი დაესხა თავს. მათი თქმით, თავდასხმის მოტივი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია იყო.

დავით ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ მეორე პირს, რომელიც ჯერ დაკავებული არ არის, „ხელს აფარებენ“.