„ესაა დაშინების მცდელობა" - საბჭო შესაძლო დისციპლინური გადაცდომის განხილვისთვის ემზადება

პუბლიკა

თსუ-ის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო ივნისის აქციების დროს სტუდენტების მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის განხილვისთვის ემზადება.

თსუ-ის სტუდენტური მოძრაობის მიერ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საუბარია 3 სტუდენტზე.

როგორც ერთ-ერთი მათგანისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, საბჭოს წევრთაგან თავდაპირველად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც ოფიციალურად გამოითხოვეს და ადმინისტრაციისგან მიიღეს „ამ მოვლენების ამსახველი ვიდეომასალები”.

წერილში აღნიშნულია, რომ „შემდგომი რეაგირების მიზნით” ფაკულტეტის  საბჭო ამ ვიდეომასალას სხდომაზე განიხილავს, თარიღი ამ დროისთვის დაზუსტებული არაა.

მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის” ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ყოველი ინდივიდუალურად გამიზნული ბრალდება არასამართლიანია, რადგან ამ საპროტესტო ტალღაში ყველანი ირყვნენ  ჩართულნი და პასუხისმგებლობაც- ყველას ერთობლივად ეკისრება.

„ჩვენი ყოველი ნაბიჯი გადადგმული იყო ერთობლივი შეთანხმებით, ამიტომაც, საბჭოს მიერ სტუდენტების დასჯა არ მოხდება! თუკი შედგება საბჭო, მაშინ მის წინაშე ყველა ჩვენგანი წარსდგება! მათ სურთ ჯოხის ერთეულებზე გადატეხა, რითაც სტუდენტური წინააღმდეგობას დაშინებას ცდილობენ! ჩვენ ერთად ვდგავართ, ხოლო დაშინება კი ვერ მოხდება, სანამ სიმართლე ჩვენ მხარესაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით,  რიგითი სტუდენტების საქმეების განხილვისა და დასჯის მცდელობა, არის ერთგვარი დაშინების სურვილი, რათა შეაჩერონ სტუდენტთა მსვლელობა ამ მანკიერი სისტემის წინააღმდეგ, იმ სისტემის, რომელიც არ ცდილობს, განათლებისა და საცხოვრებლის ყველასთვის ხელმისაწვდომობას.

მათივე განცხადებით, ვერანაირი დაშინება ამ მავნე ბიუროკრატიული აპარატის მხრიდან ვერ შეაჩერებს ჩვენს ბრძოლას.


10 ივნისს თსუ-ის სტუდენტურმა მოძრაობამ რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტი ძალისმიერი გზით დაიკავა.

ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვდნენ. სტუდენტები ასევე მოითხოვენ ცვლილებას რექტორის არჩევის წესშიც.

პროტესტი თსუ-ში სასწავლო პერიოდის, შემდეგ კი გამოცდების ჰიბრიდული რეჟიმით ჩატარების მოთხოვნას მოჰყვა.

სტუდენტური საპროტესტო მოძრაობის თქმით, აუდიტორიებში სწავლების დაწყების გადაწყვეტილებამ განათლების პროცესის მიღმა დატოვა ათასობით სტუდენტი – ისინი, ვინც ვერ მოახერხა ბინების გაორმაგებულ ფასებთან გამკლავება.

მათი მოთხოვნები იყო:

1. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა!
2. ფინანსური გამჭვირვალობა!
3. მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდათა ფორმატის ცვლილება!
4. რექტორის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება!

აღნიშნული მოვლენების შემდეგ უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა გიორგი შარვაშიძეს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის რექტორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.

25 სტუდენტებმა დატოვეს რექტორის კაბინეტი. გაეცანით მათ განცხადებას ვრცლად: