„ესაა მექანიზმი, როგორ ავიცილოთ თავიდან შესაძლო გაყალბება“ - ბესელიას ინიციატივა ბიულეტინებზე

პუბლიკა

პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

ინიციატივა, რომელსაც დეპუტატი პარლამენტს სთავაზობს, მიმდინარე კვირის ოთხშაბათამდე დარეგისტრირდება.

„ეს არის მექანიზმი, როგორ ავიცილოთ თავიდან შესაძლო გაყალბება. როგორ მოვახერხოთ, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი მექანიზმი არსებობდეს ბიულეტინების გადათვლის, მათი გადამოწმების შესაძლებლობის თაობაზე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ეს არის კარგი მექანიზმი, დაცული იქნეს ყველა ამომრჩევლის ხმა. ეკა ბესელიას ინფორმაციით, კანონპროექტს მხარს უჭერს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. ბესელია ითხოვს, 13 ივლისის რიგგარეშე სესიის სხდომების ფარგლებში, დაჩქარებული წესით განიხილოს ეს ინიციატივა.

„კითხვაზე, მოასწრებს თუ არა, ვპასუხობ: დიახ, მოასწრებს, რადგან ძალიან დიდი პაკეტი, დიდი ცვლილებები მივიღეთ 3 დღეში წინა სასესიო კვირაში. ეს არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც არანაირ ფინანსურ ხარჯებს არ იწვევს, არ წარმოადგენს არავითარ სირთულეს, უბრალოდ სჭირდება საარჩევნო კოდექსში შემდეგი ცვლილების შეტანა: შემოთავაზებულია პროცედურა, რომ ყოველ საარჩევნო ოლქში სავალდებულო წესით, თუმცა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადაითვლება მოცემული ხმები და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. წილისყრით შერჩეული იქნება 1 საარჩევნო უბანი, თუ ოლქში არ არის არცერთი საჩივარი, არცერთი განცხადება, რომ შედეგები იყოს გადათვლილი, ხოლო იმ საარჩევნო უბნებში, სადაც გადათვლის მოთხოვნით ან საჩივრით მიმართავენ უფლებამოსილი პირები, ვინც არიან საარჩევნო უბნებზე წარმოდგენილი, ასეთ ოლქში მოთხოვნა თუ დადგება, 3-ზე მეტ უბანს შეეხება და საოლქო-საარჩევნო კომისია წილისყრით ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევს 3 საარჩევნო უბანს და გადაითვლის თავიდან. ეს აზღვევს გაყალბების შესაძლებლობას, რადგან წინასწარ არავინ იცის, რომელი უბანი შიძლება მოხვდეს ამ წილისყრის დროს“, – განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის მოსაზრებით, შესაბამისად, მაღალი იქნება სტანდარტი ბიულეტინებში მოცემული ამომრჩევლის ნების გამოხატვა სწორად იყოს გადატანილი საბოლოოდ, შემაჯამებელ ოქმში. მისივე თქმით, თუ შემოწმების შედეგად განსხვავება გამოვლინდება, საოლქო-საარჩევნო კომისია დამატებით შეამოწმებს მხოლოდ იმავე სახის საარჩევნო ბიულეტინებს იმავე უბნებში, დალუქულ დოკუმენტებში და ეს იქნება იმის გარანტია, რომ თუ პრეტენზია და საჩივარი გაცხადდება და გაჩნდება შედეგების გაყალბების ეჭვი, გადათვლა და გადამოწმება გამორიცხავს ასეთი ტიპის უკანონო ჩარევას.

„ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოარული ხმები, მუდმივი ეჭვის განცდა, ხომ არ არის რაიმე ცდომილება ბიულეტინში გამოხატულ ამომრჩევლის ნებასა და შემაჯამებელ ოქმს შორის, ამ მექანიზმმა დააზღვიოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.