„პირბადეების საქმეზე “ დღეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით „სამართლიანი არჩევნების” დირექტორი, ლევან ნატროშვილი გამოიკითხა.
როგორც გამოკითხვის შემდგომ ნატროშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მასთანაც იგივე შინაარსის კითხვები ჰქონდათ, რაც სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებს დაუსვეს.
„მათ აინტერესებთ, ჩვენი როლი რა იყო, საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობდით თუ არა, ვაორგანიზებდით თუ არა, რამეს ვყიდულობდით თუ არა, ასეთი კითხვები იყო… ვფიქრობ, რომ ეს გამოძიება მთლიანად არის აბსურდული. სრულიად დაუსაბუთებელია ის განცხადება, რაც გაავრცელა პროკურატურამ.
გაუგებარია, საერთოდ რას იძიებენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, კანონი არ დაგვირღვევია, არანაირი ძალადობრივი ქმედებისკენ არავისთვის არ მოგვიწოდებია, აქცია არ დაგვიორგანიზებია, რომელიც რაღაც კონკრეტულ კანონდარღვევას ეხება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი ნაბიჯი იმისთვის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები აღარ იყოს უბრალოდ საქართველოში, აღარ იმუშაონ, არ დაეხმარონ ხალხს, არ გაუწიონ იურიდიული თუ სხვა ტიპის დახმარება.
ამ მიზანს ემსახურება ეს გამოძიება, რაღაცნაირად უნდა გამართლდეს ის ნაბიჯი, რაც იყო, დაყადაღება ჩვენი ანგარიშების. სამწუხაროდ წვალობს პროკურატურა, რომ რაღაც გამოიყვანოს ამ საქმიდან“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
ამ დროისთვის იმავე საქმის ფარგლებში მაგსტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ „სამართლიანი არჩევნების” ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე, „დემოკრატიის მცველების” ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი.
პროკურატურამ მათი გამოკითხვა 7 ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღების შემდეგ დაიწყო.
27 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.
უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.
პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.