„ესაა რეპუტაციის შელახვის, აზრის გამოხატვისა და ავტონომიურობის შეზღუდვის მცდელობა" | რას ედავებიან პასტორ ზაალ ტყეშელაშვილს

პუბლიკა

9 თებერვალს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) და საქართველოს ევანგელისტურმა ეკლესიამ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას ევანგელისტური ეკლესიისა და მისი პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მათი განცხადებით, ტყეშელაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკმა, სააპელაციო სასამართლომ კი პასტორს 90 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. საქმის დეტალებსა და მოსარჩელის მოთხოვნებზე განცხადებას გაეცანით სრულად:

„2022 წლის 9 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პასტორ ზაალ ტყეშელაშვილს (მოპასუხე) დააკისრა, მოსარჩელეს, აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკს გადაუხადოს წლების განმავლობაში მიღებული საეკლესიო შემოწირულობები, რომლებიც განკუთვნილი იყო ეკლესიის პირველი და ერთადერთი სამლოცველო სახლის მშენებლობის დასასრულებლად. ამჟამად, ეკლესია ამ სამლოცველოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

2019 წელს, პარკმა სარჩელი შეიტანა ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ გადაეხადა ის შემოწირულობები, რომელიც მოსარჩელემ, ეკლესიის სახელით, წლების განმავლობაში შეაგროვა ქრისტიანი მორწმუნეებისგან.

საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე პარკის 4 სასარჩელო მოთხოვნიდან არცერთი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელემ ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ, 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხე ზაალ ტყეშელაშვილს მოსარჩელე პარკისთვის 90 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. 2023 წლის 30 იანვარს პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის ინტერესებს სასამართლოში იცავს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

ბიუნგ ჩან პარკი პასტორ ზაალ ტყეშელაშვილს პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2015 წელს შეხვდა. მან პასტორს და ეკლესიის წევრებს თავი ევანგელისტ მისიონერად წარუდგინა, რომლის მიზანი საქართველოში „სახარების გავრცელება” და ადგილობრივი ევანგელური ქრისტიანების დახმარება იყო.

მოსარჩელე პარკი წლების განმავლობაში კმაყოფილი ჩანდა საქართველოს ევანგელისტურ ეკლესიასთან ურთიერთობით, ჩამოდიოდა და სტუმრობდა ეკლესიას, ცხოვრობდა ეკლესიის ტერიტორიაზე თვეების განმავლობაში, პატიჟებდა და მასპინძლობდა საკუთარ უცხოელ სტუმრებს და მონაწილეობდა ეკლესიის რელიგიურ მსახურებებში.

2018 წლის დასაწყისში, როცა ეკლესიის ორივე ნაგებობის მშენებლობა, რომლებზეც დაობს მოსარჩელე, უკვე დასრულებული იყო, მოულოდნელად შეიცვალა მისი დამოკიდებულება პასტორისა და ეკლესიის მიმართ. ამ პერიოდში მას უკავშირდებოდნენ გარკვეული პირები, რამაც სავარაუდოდ გავლენა იქონია მის ქმედებებზე. პარკმა დაიწყო მტკიცება, რომ საქართველოს ევანგელისტური ეკლესია სინამდვილეში არ წარმოადგენდა ეკლესიას, რადგან მას არ ჰქონდა სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და რომ პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი არ იყო ნამდვილი სასულიერო პირი.

საქმის მასალების დეტალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოსარჩელე პარკი მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად და საკუთარი ბუნდოვანი ფინანსური და ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებდა რელიგიურ გაერთიანებას. საქმეს ახლავს მოსარჩელის მიერ წარდგენილი სავარაუდოდ გაყალბებული დოკუმენტების ასლებიც, რომლებზეც დატანილია აშშ-ის ნოტარიუსის ბეჭედი. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტები საქართველოს საგამოძიებო და სასამართლო სისტემამ არა მხოლოდ უგულვებელყო, არამედ სასამართლომ ეკლესიისა და მისი პასტორისთვის საზიანო გადაწყვეტილების მისაღებადაც გამოიყენა.

საქართველოს ევანგელისტური ეკლესია და მისი პასტორები ზაალ და ნინო ტყეშელაშვილები ყოველთვის ღიად საუბრობდნენ უსამართლობის წინააღმდეგ და საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, თანასწორობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე. არაერთი გარემოება მიანიშნებს, რომ ეს არის საეჭვო სამოქალაქო საქმის გამოყენებით პასტორის რეპუტაციის შელახვის, უსამართლობისა და თანასწორობის საკითხების შესახებ მის მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვის, ევანგელისტური ეკლესიის ერთადერთი სამლოცველო სახლის წართმევის, ეკლესიის ავტონომიურობისა და დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობის წინააღმდეგ მიმართული მცდელობა”, – ნათქვამია განცხადებაში.