„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი გურო იმნაძე ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს სამართლებრივი თვითნებობა იყო.
ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს სამართლებრივი თვითნებობის ახალი სიმაღლე დაიპყრო და საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა” და „აირჩიე ევროპა“.
რაჟდენ კუპრაშვილის ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ ჯდება სამართლის უზენაესობის სტანდარტებში და პირიქით, ეს არის სამართლის თეატრალიზება, ფორმაური ნორმებით და პროცედურული არგუმენტებით სამართლის ბაზისური პრინციპების ფეხქვეშ გათელვა.
ოდნავ უკან რომ გავიხედოთ და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ისტორია გავიხსენოთ (სულ რაღაც 2023 მარტში ამოქმედდა ეს სამსახური), იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ღიად ავტორიტარული ზრახვების და ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე ხელისუფალს ახალი სამსახურის შექმნა არ უნდა მოვთხოვოთ. პირველ რიგში სწორედ ჭარბი და უკონტროლო პოლიტიკური ძალაუფლება უნდა დაბალანსდეს, სხვა შემთხვევაში, ასეთი ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი ნებისმიერი ახალი სამსახური მაქსიმუმ დემოკრატიული კონტროლის ილუზიას ქმნიდეს, უარეს შემთხვევაში კი ეს ახალი სამსახური ავტორიტარიზმის ახალ იარაღად იქცევა. ისევე როგორც ანტიკორუფციული ბიურო იქცა წინასაარჩევნოდ სამოქალაქო ჯგუფების ახალ მდევნელად“, – წერს იმნაძე.
ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და 5 დღის ვადაში ფინანსური ანგარიშების და საბანკო რეკვიზიტების წარმოდგენა დაავალა.