ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები - მურუსიძე

პუბლიკა

„უპასუხისმგებლოები და უზრდელები” – ასე აფასებს არასამთავრობო სექტორს  მოსამართლე ლევან მურუსიძე და ეხმაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად მის არჩევაზე გამოთქმულ კრიტიკას.

ლევან მურუსიძის განცხადებით, რასაც NGO-ები აკეთებენ ეს არის ბოროტება ქვეყნისა და მართლმსაჯულების წინააღმდეგ. მისივე თქმით, თავად არასამთავრობო სექტორია დაინტერესებული, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაკომპლექტდეს ისეთი კადრებით, რომელთა მართვასაც თავად მოახერხებენ.

„გამოდიოდნენ არასამთავრობოები და გვლანძღავდნენ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით, აღმოჩნდა შემდეგ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმე იყო სწორი და კანონიერად გადაწყვეტილი. ვინმემ მოიხადა ბოდიში? ამიტომ ესენი არიან უპასუხისმგებლო არასამთავრობო ორგანიზაციები, უზრდელები, მოსამართლეს ყველანაირ შეურაცხყოფას აყენებენ. ერთ კონკრეტულს არ გამოვყოფ, ჩემთვის ერთია, მათი სახელი ლეგიონია. როდისმე NGO-ებისგან განსხვავებული აზრი მოგისმენიათ? რაიმე დადებითი უთქვამთ სასამართლოზე?

რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის ბოროტება ქვეყნის წინაშე და მართლმსაჯულების წინააღმდეგ. შევთავაზე მათ, რომ ერთმა NGO-მ მაინც იტვირთოს თავის თავზე, რომ სასამართლოში დადებითი რა ხდება იქნებ ამ კუთხით გვეთანამშრომლოს. თუ გინდათ თანამშრომლობა და თუ გულწრფელად იქნებით დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით, მე მზად ვარ, რომ ვითანამშრომლოთ, თუ არ იქნებით ზმად და წავა ისევ მოსამართლეების ლანძღვა-გინება-ბულინგი, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს არა მარტო დავიცავთ, არამედ ყველაფერს დავარქმევთ თავის სახელს.

სასამართლო ხელისუფლება არ არის ისეთი სუსტი, რომ არასამთავრობოებისა და რომელიღაც პოლიტიკოსების გამოხტომების ეშინოდეს. ბუნებრივია მუშტი-კრივზე არ გადავალთ, დავიცავთ თავს ჩვენი კომპეტენციით, წესიერებით, პატიოსნებით“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.


ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” შეფასებით, ეს გადაწყვეტილებები აძლიერებს სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობას და ხელს უშლის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის განაცხადის პასუხად გაცემული ევროკომისიის რეკომენდაციებით არის გათვალისწინებული.