საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასა და წინააღმდეგობის გაძლიერების სტრატეგიაზე საუბრობს.
ზურაბიშვილის თქმით, მიზანშეწონილი არ არის არც არჩევნებში მონაწილეობა და არც ბოიკოტის აქტიური კამპანია. ამ პირობებში ოპოზიციის ეს ორივე გზა მარცხისთვისაა განწირული.
„თვითონ პარტიებიც, რომლებიც მონაწილეობის მომხრეები არიან, არ აცხადებენ თავიანთ ამბიციას, რომ გაიმარჯვებენ ან დაასუსტებენ რეჟიმს. არ ვიცი რა არის მათი მიზანი, თუ არის ეს მათი პარტიული კონსოლიდაცია, ესეც ვერ მოხდება, რადგან უკვე მოჰყვა ისეთი დისკრედიტაცია, რომ კონსოლიდაციაც არ მოჰყვება მომავალში. ვერაფერს ვერ მიაღწევენ იმ ბრძოლაში, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ერთიანი ბრძოლა“, – თქვა ზურაბიშვილმა.
მეორე მხრივ, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მარცხით დასრულდება ბოიკოტის კამპანია, რადგან „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაშიც გააყალბებს შედეგებს და მოახერხებს ხალხის იძულებას, რომ მიიყვანოს საარჩევნო უბნებზე.
ამიტომ, ზურაბიშვილის თქმით, გამოსავალი არის ერთობა და ეფექტური ბრძოლის საშუალება იქნება „წინააღმდეგობის პლატფორმის“ გაფართოება და გაძლიერება, რომელმაც საზოგადოებას უნდა შესთავაზოს გარდამავალი მთავრობა.
„გეგმა არის საკმაოდ მარტივი, მაგრამ ამავდროულად ძალიან შინაარსიანად უნდა გატარდეს.
პირველი, ამ გეგმის ნაწილია აღიარება, რომ არავინ გაიმარჯვა, არავინ დამარცხდა და ჩვენ ამ არჩევნების ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მონაწილეობას მივიღებთ ამ ბრძოლის ბოლო ეტაპში.
ეს მოითხოვს, პირველ რიგში, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმა“ გაცოცხლდეს, გაძლიერდეს და გაფართოვდეს. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ის ფორმატები და ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან და აქვთ სხვადასხვა მოსაზრებები.
ყველა მოსაზრება არის საჭირო და ყველა ჯგუფის წარმომადგენლობა არის აუცილებელი. ეს არის ნამდვილი, ერთიანი წინააღმდეგობის პლატფორმა. ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს ის, რაც გვაკლია დღემდე, რაც უნდა გვქონოდა ბევრად ადრე და რასაც ჰქვია გარდამავალი მთავრობა.
არავის უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი და ნაკლები ჩართულობა იქიდანაც გამომდინარეობს, რომ ვერ ხედავს – „ესენი თუ არა, აბა ვინ?!“
ეს არის მუდმივი კითხვა, როცა რეჟიმის ცვლილება მოდის. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ. დავანახოთ საზოგადოებას, ვინ იქნება ხვალ, როცა ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის ცვლილებით. დავანახოთ, რომ ეს იქნებიან პროფესიონალები და ჩვენი ერთად გადასაწყვეტია, ალბათ ნაკლებად პოლიტიკოსები და მეტად ტექნიკური პროფესიონალები.
მესამე რაც გვჭირდება, ეს არის სამოქმედო გეგმა, პროგრამა და გვაქვს – ეს არის „ქართული ქარტია“, რომელსაც განახლება სჭირდება, რადგან მისი მიღბის შემდეგ რაღაცები შეიცვალა, მაგრამ არსებითი ნაწილები არ შეცვლილა. უნდა მოვახდინოთ მისი აქტუალიზება და ეს იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმაც.
ასევე უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც უნდა იყოს მიღწეული იმისთვის, რომ ჩატარდეს ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მოჰყვება ამ რეჟიმის ჩამოშლას“, – განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.
ოპოზიციური პარტიებიდან ორი: „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველო“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, რვა პოლიტიკურმა პარტიამ კი ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ოპოზიციას არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდა.