ესპანეთი, ირლანდია და ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ

პუბლიკა

ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ განაცხადეს, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ.

„დღეს ირლანდია, ნორვეგია და ესპანეთი ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვაღიარებთ პალესტინის სახელმწიფოს. თითოეული ჩვენგანი ახლა გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად”, – განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა დუბლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ 7 ოქტომბერს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის” მიერ ისრაელზე თავდასხმა „ბარბაროსული იყო” და „ჰამასს” ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

აღიარება ძალაში 28 მაისიდან შევა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ შტორემ თქვა, რომ ომმა ღაზის სექტორში „ნათელი გახადა, რომ „მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა უნდა იყოს პროგნოზირებული პალესტინის საკითხის გადაწყვეტისას“.

„ომში, სადაც ათიათასობით დაიღუპა და დაშავდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტას სთავაზობს როგორც ებრაელებს, ასევე პალესტინელებს: ორი სახელმწიფო, რომელიც ცხოვრობს გვერდიგვერდ, მშვიდობითა და უსაფრთხოებით”, – თქვა შტორემ.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩეზმა თქვა:

„ჩვენ ვაღიარებთ პალესტინის სახელმწიფოს მშვიდობის, თანმიმდევრულობისა და სამართლიანობისთვის”. ეს აღიარება არ არის არც ისრაელის ხალხის და, რა თქმა უნდა, არც ებრაელების წინააღმდეგ, ეს გადაწყვეტილება არ არის ჰამასის სასარგებლოდ. ეს გადაწყვეტილება თანაარსებობისთვისაა”.

ახლა პალესტინის სუვერენიტეტი გაეროს 193 ქვეყნიდან 146-ის მიერ არის აღიარებული.

მანამდე, 20 მაისს სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ქარიმ ხანმა ამავე სასამართლოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის, ასევე ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის” 3 ლიდერის: მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრის, იაჰია სინვარის და ისმაილ ჰანიეჰის დაკავების ორდერისთვის მიმართა.

აშშ-ის მაღალჩინოსნებმა ქარიმ ხანის ეს გადაწყვეტილება დაგმეს – მათთვის მიუღებელია ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელის „ჰამასთან“ გაიგივება.

2023 წლის 7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი.

თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან. „ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ ომი გრძელდება.

ისრაელს ფინანსურად და იარაღით აშშ ეხმარება. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 35 ათასს აღწევს.

2024 წლის იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ ისრაელის წინააღმდეგ მტკიცებულებები და არგუმენტები ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და ისრაელის ზოგიერთი ქმედება გენოციდის კონვენციის ფარგლებში ჯდება.

ICJ-ის გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად, ასევე, უნდა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.

თუმცა, ისრაელი არ ასრულებს ICJ-ის გადაწყვეტილებას და კვლავ აგრძელებს იერიშების მიტანას იმ ადგილებში, სადაც თავს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს.