ესპანეთში ქალებმა შესაძლოა, მენსტრუალური შვებულების უფლება მიიღონ

პუბლიკა

ესპანეთი შესაძლოა პირველი ევროპული ქვეყანა გახდეს, სადაც ქალები მენსტრუალური შვებულებით ისარგებლებენ. კანონპროექტი, რომელიც ესპანეთში მომზადდა, დამტკიცების შემთხვევაში ქალებს საშუალებას მისცემს, რომ მენსტრუაციის მიზეზით სამსახურიდან 3 ან შეიძლება 5 დღით გათავისუფლდნენ.

შვებულების საკითხთან ერთად კანონპროექტი მოიცავს ახალ ინიციატივებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და აბორტის უფლების გაუმჯობესებისთვის. კანონპროექტით, 16 და 17 წლის ახალგაზრდებს აბორტისთვის მშობლის თანხმობა აღარ დასჭირდებათ. სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორში კი მისი გაკეთება უფასო იქნება.

რაც შეეხება მენსტრუალურ ჯანმრთელობას, ხაზგასმულია, რომ ქალების ნაწილში ის არათუ მცირე დისკომფორტით, არამედ სერიოზული სიმპტომებითაც ხასიათდება, მათ შორის, სიცხით, თავის ტკივილითა და დიარეით.

კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანია, რომ მენსტრუალური ჯანმრთელობა მოქალაქეთა ჯანმრთელობის უფლების ნაწილად აქციოს და შეეწინააღმდეგოს იმ სტერეოტიპებსა და მითებს, რომლებიც ჯერ კიდევ დაღს ასვამს ქალების ცხოვრებას.

ასევე კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო შეამცირებს გადასახადს მენსტრუალურ პროდუქციაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი ისინი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, მენსტრუალური შვებულება ჯერჯერობით მსოფლიოს სულ რამდენიმე ქვეყანაშია დაშვებული, მათ შორის, იაპონიაში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, ინდონეზიასა და ზამბიაში.