EstLink 2-ის დაზიანებაში ეჭვმიტანილი ხომალდის ეკიპაჟის ნაწილი საქართველოს მოქალაქეა

პუბლიკა

ფინეთის ყურეში დივერსიაში ეჭვმიტანილი ხომალდის Eagle S ეკიპაჟის წევრები საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან. ფინური მედია YLE-ის თანახმად, გემის კაპიტანი დავით ვადაჭკორია.

ამის შესახებ 2024 წლის 27 დეკემბერს განაცხადა მომხდარის გამოძიების ხელმძღვანელმა, ფინეთის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის კრიმინალური ინსპექტორმა სამი პაილამ.

ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ (NBI) 2024 წლის დეკემბერში დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში.

2024 წლის 25 დეკემბერს წყალქვეშა ელექტროკაბელმა Estlink 2 მოულოდნელი ავარია განიცადა, რის შედეგადაც ესტონეთსა და ფინეთს შორის ელექტროენერგიის გადამცემი სიმძლავრე 1,016 მეგავატიდან 358 მეგავატამდე შემცირდა.

იმავე დღის საღამოს, ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია კიდევ ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანების შესახებ: სამი ესტონეთსა და ფინეთს შორის და ერთი – ფინეთსა და გერმანიას შორის.

პოლიციის ვარაუდით, ხომალდმა Eagle S ზღვის ფსკერზე ღუზა ჩაუშვა და კილომეტრების მანძილზე განზრახ ათრია, რათა კაბელები დაეზიანებინა. 29 დეკემბერს ფინეთის კრიმინალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ წყალქვეშა გამოძიებების დროს ფსკერზე ასობით კილომეტრზე ნათრევი ღუზის კვალი იპოვეს.

გუშინ, 7 იანვარს კი ფინეთის პოლიციამ განაცხადა, რომ წინა დღეს, 6 იანვარს, აღმოაჩინეს ღუზა, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია დივერსიასთან და ელექტროსადენების კაბელების დაზიანებასთან.

2 იანვარს, ფინეთის ეროვნული გამოძიების ბიურომ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილია ჯამში 8 ადამიანი. მათ ხომალდის დატოვება აეკრძალათ. ხომალდი ახლა ფინეთის ყურეში, ქალაქ პორვუს პორტშია გაჩერებული.

NBI დაკითხავს ეჭვმიტანილებს და ატარებს სხვა საგამოძიებო მოქმედებებს. ფინეთის საგამოძიებო ბიურო ვერ აკონკრეტებს გამოძიების დასრულების დროს, თუმცა, ამბობს, რომ ამას რამდენიმე კვირა დასჭირდება.

ფინური გამოცემა Helsingin Sanomat დავით ვადაჭკორს ტელეფონით დაუკავშირდა. მან ვრცლად ლაპარაკზე უარი განაცხადა, მხოლოდ ის თქვა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ. ასევე, მისი თქმით, გემის ეკიპაჟი თავს კარგად გრძნობს.

ინფორმაციას, რომ ეკიპაჟის წევრებს გემის დატოვება ეკრძალებათ, „რადიო თავისუფლებასთან” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. ამასთან აცხადებს, რომ „საქართველოს საელჩო კონტაქტზეა ფინეთის სამართალდამცავ უწყებებთან, ასევე ეკიპაჟის წევრებთან აქვთ ყოველდღიური კონტაქტი”.

საგარეო უწყება „რადიო თავისუფლებასთან” ასევე ამბობს, რომ კომუნიკაცია საკონსულოს ხაზით დაიწყო და არ არიან ჩართულები საგამოძიებო პროცესში, რადგან ეს მათი კომპეტენცია არ არის. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, საქართველოს რამდენი მოქალაქეა Eagle S-ის ბორტზე.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ Eagle S „რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია და წყალქვეშა კაბელის მწყობრიდან გამოსვლა „კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სავარაუდო თავდასხმების სერიის შემადგენელი შემთხვევაა“.

BBC-ის თანახმად, კრემლმა უარი განაცხადა კომენტარზე კაბელის დაზიანების საკითხთან დაკავშირებით და მას „ძალიან ვიწრო საკითხი“ უწოდა, რომელიც არ წარმოადგენს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განსახილველ თემას.