ესტონელი დეპუტატები მოითხოვენ სანქციებს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების მიმართ

პუბლიკა

ესტონეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ წინადადება  დარეგისტრირდა,  რომელშიც 44 დეპუტატი გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს, რაც ევროატლანტიკური კურსის შესახებ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგება.

განცხადებაში ესტონეთის პარლამენტი გმობს მმართველი უმრავლესობის მიერ რუსული კანონის მიღებას და პარლამენტს მისი დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს აქციის მონაწილეების, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა, წარმართოს სამართლებრივი გამოძიება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე და დარჩეს ერთგული დაპირების მიმართ, რომ დაიცავს ადამიანის უფლებებს, უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და გაატარებს რეფორმებს, რაც ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.

განცხადების თანახმად, სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ გადაჭრიან კრიზისს იმ გზით, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, სანამ არ დაუბრუნდებიან რეფორმებსა და ევროკავშირთან შეთანხმებულ დემოკრატიზაციის პროგრამებს, სანამ არ გააუქმებენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ესტონეთი საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდგომი მოლაპარაკებები დაბლოკოს, გააჩეროს განვითარების თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებთან და გამოყოფილი თანხა სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს.

წარდგენილ წინადადებაში აღნიშნულია, რომ ესტონეთის პარლამენტი განიხილავს სამთავრობო სანქციების დაწესების საჭიროებას, მათ შორის ესტონეთში შესვლის აკრძალვას როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე, პარლამენტისა და მთავრობის წევრებისთვის.

ესტონეთის პარლამენტის მოწოდებაა, სანქციები დაუწესდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში.

ამასთან, ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს სავიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რუსული კანონის გაუქმებამდე.