ესტონეთის ელჩი, რიინა კალიურანდი ამბობს, რომ რუსული კანონის გამო ესტონეთი საქართველოსთან ჩვეულ საქმიანობას ვერ გააგრძელებს, ვინაიდან ეს არის ნაბიჯი, რომელიც შეგნებულად გადაიდგა იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისი გაკეთებაც დასავლეთმა საქართველოს ურჩია.
ამის შესახებ მან ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
რიინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „საქმე მხოლოდ ამ კანონს არ ეხება, არის სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე საკამათოა და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულების სისტემას”.
მისი თქმით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ხელისუფლების მხრიდან „შეიძლება იყოს მკაცრი საუბარი, მაგრამ ეს სხვა საშუალებებით უნდა დაიძლიოს და არა რეპრესიული საშუალებებით”.
„სასჯელზე არ უნდა იყოს საუბარი. ეს არ უნდა იყოს სტიგმატიზაცია, რადგან სწორედ ამას ვხედავთ აქ. თუ გვინდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრები, როგორც ადამიანის უფლებების, სამოქალაქო თავისუფლებების და ყველა ამ თავისუფლების მფარველი, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ჩვენ ყველამ უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთი მხრივ ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს. თქვენ არ შეგიძლიათ ხალხს დაპჰირდეთ ისეთ რამეს, რისი დაპირებაც თქვენზე არ არის დამოკიდებული, როგორიცაა გახდეთ ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის. ეს ჩვენზე, წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული.
ჩვენ ასევე გავიარეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ასეთი კრიტერიუმები არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ. ვფიქრობ, ეს არის ის, რომ შესაძლოა ესტონეთი ცოტა უფრო მგრძნობიარე იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ახლა ვიცით, რომ მოთხოვნები ასპირანტი ქვეყნების მიმართ ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე არსებული წევრების მიმართ”. – განაცხადა რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან”.
საქართველოში ესტონეთის ელჩისვე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს „ყოველთვის არ შეუძლიათ კომპრომისების გაკეთება, როცა რომელიმე მთავრობა რაიმე სახის კანონს იღებს”.
„მთლიანობაში ევროკავშირს შეუძლია დაიცვას ყველა წევრი ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველა ერთნაირ წესებს დავიცავთ. არ შეიძლება მოხვიდე და თქვა: მინდა კლუბის წევრი გავხდე, მაგრამ ჩემი წესები მაქვს. ეს ასე არ მუშაობს. სამწუხაროდ, რამდენიმე ღონისძიება შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვისაც.
საზოგადოების დასჯა არავის უნდა, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს არის თამაშის წესების არ დაცვის შედეგი. ქართველი ხალხი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, შეადგენს მოსახლეობის 85%-ს, საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება შეასრულოს ამ ხალხის სურვილი და ითამაშოს წესებით”. – თქვა ესტონეთის ელჩმა.
ესტონეთის ელჩმა ინტერვიუში ასევე ილაპარაკა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე და თქვა, რომ ეს არასდროს უნდა მოხდეს, მაგრამ ამასთან, სწორედ ეს არის რეალური ინსტრუმენტი.
„ევროკავშირი არის წესების ნაკრები, ცხოვრების წესი და არა საქველმოქმედო ორგანიზაცია. თუ ეს ცხოვრების წესი და ეს ღირებულებები რაიმე მიზეზით მიუღებელია, ევროკავშირსაც აქვს უფლება შეცვალოს ეს პრივილეგირებული ურთიერთობა.
ეს ხალხთან არაფერ შუაშია, თუმცა ხალხი დაზარალდება. მაგრამ შემდეგ, საბოლოოდ, ხალხს ექნება არჩევანი. არჩევნები მოდის და ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
სავიზო თავისუფლების შეჩერება არასოდეს არ უნდა განხორციელდეს, მაგრამ ეს არის რეალური ინსტრუმენტი. და ეს შეიძლება შეიცვალოს, რადგან ეს ტექნიკური საკითხია. ამას მხოლოდ უმრავლესობის (qualitative majority) ხმა სჭირდება და ესტონეთი ამ საკითხს აყენებს დღის წესრიგში როგორც ვარიანტს. ჩვენ არ ვიცით, ექნება თუ არა მას მხარდაჭერა სხვა წევრი ქვეყნების მხრიდან. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ასეთი რეალისტური ვარიანტი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს. ეს არ არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არის ის, რაც წარმოიშვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად”. – თქვა ესტონეთის ელჩმა საქართველოში.