ესტონეთის ელჩი საქართველოში, რიინა კალიურანდი „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუშ ამბობს, რომ მისთვის პრობლემაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლელი მეგობრები და პარტნიორები მტრად წარმოაცინა.
მან უპასუხა კითხვას საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ გზავნილზე „გლობალური ომის პარტიის” შესახებ.
„გლობალური ომის პარტია” არავინ და ყველაფერია ერთდროულად. როდესაც პარლამენტის ან მთავრობის წარმომადგენლებს ვეკითხებით, ვის გულისხმობთ გლობალური ომის პარტიაში, ისინი ჩვეულებრივ ამბობენ, რომ “ეს თქვენ არ ხართ”. მაგრამ ვკითხულობთ ინტერვიუებს, ვკითხულობთ იმავე ადამიანების განცხადებებს, ძალიან ნათლად გვესმის, რომ მათთვის ჩვენ შეიძლება ვიყოთ ამის ნაწილი – მე როგორც ესტონეთი, მე როგორც ევროკავშირი, მე როგორც დასავლეთის ნაწილი”. – თქვა რინა კალიურანდმა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, ეს არის საშუალება, რომ მთავრობამ და პარლამენტმა ეს აბსტრაქტული მტერი არჩევნების წინ ხალხს დაანახოს.
„მათ სჭირდებათ მტრის ფიგურა, ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა, ვინც არ უნდა იყოს. მაგრამ ჩემი პრობლემა აქ არის ის, რომ მათ აირჩიეს სრულიად არასწორი მტერი. მათ თავიანთი ყველაზე დიდი პარტნიორები და მხარდამჭერები მტრად წარმოაჩინეს. ეს გზავნილი ასევე გავრცელებულია ევროპაშიც და ყველგან. ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ, დიპლომატები ვავრცელებთ დეზინფორმაციას, თუ რა ხდება საქართველოში. მაგრამ ისინი ამავდროულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, ამ ინფორმაციას ჩვენზე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მტერზე, როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმურობას ძირის გამომთხრელებზე და ეს სიმართლეს არ შეესაბამება”. – თქვა ელჩმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთი საქართველოს მხარს დამოუკიდებლობის აღდგენიდან უჭერს – მათ საქართველოს გაუზიარეს რეფორმების გამოცდილება, დაეხმარნენ სტრატეგიული დოკუმენტების მომზდებაში, აღმოუჩინეს მხარდაჭერა, რომელის საქართველოს ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოებას, მის წინსვლას და პროგრესს სჭირდებოდა.
„უბრალოდ არ არის სამართლიანი ჩვენი დემონიზაცია. ეს არის მესიჯი, რომელიც მივიღეთ. ახლა თქვენი, ხალხის გადასაწყვეტია; ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მიიღებენ თუ არა ამას. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. თქვენი გადასაწყვეტია”. – ამბობს ელჩი.