ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, სამმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

პუბლიკა

ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, სამმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.

POLITICO-ს ინფორმაციით, Миг-31К-ს ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელები ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეფრენიდან მალევე მიუახლოვდნენ დედაქალაქ ტალინს, რა დროსაც მათ წრეზე ფრენა დაიწყეს.

„დღეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესტონეთში რუსეთის საქმეთა რწმუნებული დაიბარა, რათა პროტესტი გამოეხატა და ნოტა გადაეცა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე, რომელიც 19 სექტემბერს მოხდა.

შემოჭრა ფინეთის ყურის საჰაერო სივრცეში მოხდა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამი „მიგ-31“ საბრძოლო თვითმფრინავი ნებართვის გარეშე შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში და მანდ ჯამში 12 წუთი გაატარა“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც:

„რუსეთმა წელს უკვე მეოთხედ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. თუმცა დღევანდელი შემოჭრა, როდესაც სამი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, იყო უპრეცედენტოდ თამამი“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

10 სექტემბერს პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონების ჩამოგდება და პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას „აგრესიის აქტი“ უწოდა.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის დღევანდელი შეტევის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო მასშტაბის დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით. ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს“, – ნათქვამია პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის მიერ დღეს, 10 სექტემბერს დილით გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, 19 სექტემბერს, ლატვიის ეროვნულმა შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სანაპიროზე რუსული „გერბერას“ ტიპის დრონის ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა X-ზე დაწერა, რომ ფრაგმენტი რუსული „გერბერას“ ტიპის „სატყუარა“ დრონის კუდის ნაწილია, ასაფეთქებელი ნაწილის გარეშე.