Pfizer-ისგან შეძენილი 1 მლნ. დოზა ვაქცინა დაახლოებით 1.5 თვეში ეტაპობრივად შემოვა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მწარმოებლისგან შეძენილი 1 მლნ. დოზაც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.

მისი თქმით, ჯამში ქვეყანას 3 მილიონი ვაქცინა ექნება.

„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა. ეს არის ამერიკის დახმარება და კიდევ ერთხელ მინდა ამერიკას და, პირადად, პრეზიდენტ ბაიდენს მადლობა გადავუხადო ამ საჩუქრისთვის.

მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ 1.5 მილიონი დოზა ვაქცინა უკვე ჩამოვიტანეთ და ადგილზეა, ანუ, ჯამში, ქვეყანაში გვაქვს 2 მილიონი ვაქცინა: 1.5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი Pfizer.

ამას გარდა, მილიონი დოზა Pfizer უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ამ მილიონი ვაქცინის დოზის მოწოდება უკვე დაწყებულია, პროცესი მიმდინარეობს. ჯამში, ჩვენ გვექნება 3 მილიონი ვაქცინა: 2 მილიონი ადგილზე და კიდევ ერთი მილიონი, დაახლოებით, 1-1.5 თვეში შემოვა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას”, – განაცხადა მან.


დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 375 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 665, გარდაიცვალა 26 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.52 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 404 023-ს.