ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შემოუშვას ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შემოუშვას ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში, რათა მან პროფესიული მოვალეობა შეასრულოს.

ქარტიის ინფორმაციით, განცხადების გამოქვეყნების მომენტისთვის, ჩეხი ჟურნალისტი სასაზღვრო ზონაში იმყოფება.

მათიევ თქმით, საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ.

„აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. მხოლოდ სექტემბერში მსგავსი საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი მიიღო ორმა უცხოელმა ჟურნალისტმა.

რეი ბეისლი საქართველოში ბოლოს გაზაფხულზე იმყოფებოდა, რა დროსაც აქტიურად აშუქებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.

რუსული კანონის შემობრუნების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სწრაფი ტემპით გაუარესებამ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ინტერესი გამორჩეულად მაღალია 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართაც, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციის თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანზაციების შეფასებებშიც აირეკლება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შემოუშვას ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში, რათა მან პროფესიული მოვალეობის განხორციელება შეძლოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩეხმა ჟურნალისტმა რეი ბეისლიმ გუშინ, 22 ოქტომბერს X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) დაწერა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს.

ბეისლიმ თქვა, რომ მისთვის არ განუმარტავთ, რის საფუძველზე აკავებენ.

მასთან დაკავშირება გუშინდელს მერე ვერ ხერხდება.

ბოლო შეტყობინებაში ბეისლიმ „სტუდია მონიტორს“ მისწერა, რომ უპირებდნენ ტელეფონის ჩამორთმევას, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა.

„პუბლიკა” და სხვა მედიები ინფორმაციის დაზუსტებას შსს-სთან ცდილობენ. უწყებას ჯერჯერობით პასუხი არ აქვს.