ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ნაწილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას ტოვებს

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა, ქვეყნის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სიტყვებით, მთიანი ყარაბაღი დაიბრუნა, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ნაწილი ტერიტორიას ტოვებს.

ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღიდან წასვლის მსურველთა ტრანსპორტირებასა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით კონტაქტს ინარჩუნებს.

ამასთან, ხელისუფლების თქმით, ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლება, უსაფრთხოდ და ღირსეულად იცხოვრონ საკუთარ სახლებში, გარანტირებული უნდა იყოს. თუმცა, მეორე მხრივ, თავად მოსახლეობის ან მათი ნაწილის იქ ყოფნის შეუძლებლად შეფასების შემდეგ მიიღება საჭირო გადაწყვეტილებები.

პარალელურად, ევროპარლამენტის 60-ზე მეტმა წევრმა უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მიმართა თხოვნით, დაწესდეს სანქციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ მთიან ყარაბაღზე სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმის გამო.

განცხადება ევროპარლამენტარმა ნატალი ლუიზემ X(Twitter)-ზე გამოაქვეყნა. დეპუტატებმა ბორელს მოუწოდეს, მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ ეთნიკური წმენდა და ახალი ომი.

დღეს, 21 სექტემბერს იგეგმებოდა სომხური და აზერბაიჯანული მხარეების შეხვედრა. თუმცა, ეს ჯერჯერობით არ მომხდარა. სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები ბაქოსგან შეხვედრამდე უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ – მოლაპარაკებების დაწყებამდე სომხებმა აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა დღეს განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა”, სომხური ჯარის განიარაღება და იძულება, დატოვონ ტერიტორია.

24 საათში ომი შეწყდა – არწახის სეპარატისტული რეჟიმი დანებდა. ასევე, სომხეთის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ აპირებს, იომოს.

ოფიციალური სომხეთის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო თავდასხმების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 32 ადამიანი. თუმცა, არწახის ომბუდსმენის განცხადებით, მოკლულია, მინიმუმ 200 და დაჭრილია 400-ზე მეტი ადამიანი. დასავლურმა მედიებმა რიცხვების გადამოწმება ვერ მოახერხეს.