ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონმდებლობას გავამკაცრებთ - კობახიძე

პუბლიკა

„საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

„აშკარაა, რომ დისკრიმინაციული კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ ომის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განიხილება როგორც ერთგვარი ბოლო შანსი, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად“, – ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს.