„საინფორმაციო სივრცე და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა”, – ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მეორე ბიულეტენი გამოსცა, რომელიც 20 აგვისტოდან 20 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს.
მათი ცნობით, წინამდებარე ბიულეტენი ეყრდნობა 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს, რომლებიც, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას და დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას ადევნებენ თვალს. გთავაზობთ ნაწყვეტებს NDI-ის ანგარიშიდან:
ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა
არსებული საკანონმდებლო მექანიზმების მიუხედავად, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა (შშმ პირები) და ლგბტ თემის წარმომადგენლების პოლიტიკური წარმომადგენლობა კვლავ დაბალია.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა
მიმდინარე მოწვევის პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 21 წევრია ქალი, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ქალთა დაბალ პოლიტიკურ მონაწილეობაზე მიუთითებს. ივლისში მიღებული სავალდებულო გენდერული კვოტა მიზნად ისახავს, რომ მომავალ პარლამენტში სულ მცირე 30 წევრი (20 პროცენტი) იყოს ქალი. ის პარტიები, რომლებიც კვოტის მოთხოვნებს გადააჭარბებენ და პარტიულ სიებში სამ კანდიდატში ერთ ქალს წარადგენენ, დამატებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ. ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, სულ მცირე 29 პარტიამ, მათ შორის ევროპულმა საქართელომ, პარტიამ სამართლიანობისთვის, სტრატეგია აღმაშენებელმა და პატრიოტთა ალიანსმა, ეს მოთხოვნა დაიცვა. მთლიანობაში, გენდერული კვოტა პოზიტიურად არის აღქმული, თუმცა პარტიამ გირჩი მისი არაკონსტიტუციორობის საკითხი დააყენა. 25 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გენდერული კვოტა ქალების პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდის კონსტიტუციურ მექანიზმად ცნო. 2028 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიებს უკვე სამ კანდიდატში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის წარდგენის ვალდებულება ექნებათ, ხოლო 2032 წლის არჩევნებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტა გაუქმდება.
კვოტების საშუალებით გენდერულად მეტად მრავალფეროვანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფისთვის ერთი პოტენციური დაბრკოლება ის არის, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ქალებს სიების სათავეში არ ასახელებს. ხშირ შემთხვევაში ისინი სიის მეოთხე ნომრად არიან წარმოდგენილები. შედეგად ის პარტიები, რომლებიც ოთხ მანდატზე ნაკლებს მოიპოვებენ, დიდი ალბათობით პარლამენტში ქალ კანდიდატს ვერ შეიყვანენ. დაბალი ბარიერის პირობებში ამ სცენარის განვითარება რეალისტურია, რა შემთხვევაშიც, ქალების წარმომადგენლობა, შესაძლოა, მაინც 20 პროცენტზე ნაკლები დარჩეს.
ჩართული მხარეები NDI-სთან ქალების თანაბარი მონაწილეობის ძირითად ბარიერად პოლიტიკურ პარტიებს ასახელებენ. ხშირ შემთხვევაში, პარტიის ხელმძღვანელობა (სადაც უმრავლესობას კაცები წარმოადგენენ) კანდიდატების შერჩევის პროცესში ქალთა წარმომადგენლობის საკითხებს არ ითვალისწინებს, ხოლო პარტიების რეგიონული სტრუქტურები კაცი მხარდამჭერების მიერ იმართება. წინამდებარე ბიულეტენის წერის მომენტისთვის მაჟორიტარი კანდიდატების მხოლოდ 22 პროცენტია ქალი. თუ ეს რიცხვი შენარჩუნდება, ქალთა წარმომადგენლობის თვალსაზრისით, 2016 წლის (17 პროცენტი) და 2012 წლის (14 პროცენტი) არჩევნებთან შედარებით, მცირედ ზრდას ექნება ადგილი.
პარტიების პლატფორმების უმრავლესობა მხოლოდ ზოგადად მოიხსენიებს ქალთა, ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირების საკითხებს, რაც ძირითადად მოქალაქეების თანასწორობაზე, ქალებისთვის პოლიტიკასა და ბიზნესში ჩართულობის მეტი შესაძლებლოების საჭიროებასა და შშმ პირებისთვის და ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლებასა და დასაქმებაზე გაზრდილი წვდომის მნიშვნელობაზე მოწოდებებში გამოიხატება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ამ დეკლარირებულ მიზნებს დეტალური გეგმები არ ახლავს თან.
მხოლოდ რამდენიმე პარტიის პროგრამა მოიცავს შშმ პირთა საჭიროებებს და ისიც მხოლოდ გაზრდილ დახმარებაზე ამახვილებს ყურადღებას, მათი ჩართულობის გაზრდის მიმართულებით უფრო ყოვლისმომცველი მიდგომის ნაცვლად. სულ რამდენიმე პარტია და კანდიდატი საუბრობს ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებზე მორგებული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ…
ეთნიკური უმცირესობები
ეთნიკური უმცირესობები (მოსახლეობის დაახლოებით 13 პროცენტი) კამპანიის პროცესებში ნაკლებად არიან წარმოდგენილები. გამონაკლისია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ორი ოლქი: მარნეული-გარდაბანი და ახალქალაქი-ნინოწმინდა, სადაც, პირველ შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობას – ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ხოლო მეორეში ეთნიკურად სომხები წარმოადგენენ. ამ ოლქებში ეთნიკური უმცირესობების ჯგუფის წარმომადგენელი 14 კანდიდატია, საქართველოს სხვა მაჟორიტარულ ოლქებში კი ეთნიკური უმცირესობები საერთოდ არ არიან წარმოდგენილები.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები კამპანიის მასალებსა და პოსტერებს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც ავრცელებენ, ამ დრომდე ინტერნეტში უმცირესობების ენებზე პროგრამა არცერთ მათგანს გამოუქვეყნებია. ენობრივი ბარიერების გამო ეთნიკური უმცირესობები ხშირად რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ მედიას ეყრდნობიან, თუმცა რამდენიმე ენაზე მაუწყებელი ადგილობრივი მედიასაშუალებებიც თანდათან მეტ მნიშვნელობას იძენენ. ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ცესკო საარჩევნო ინფორმაციას საკუთარი ვებგვერდისა და ქოლცენტრის მეშვეობით აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც ავრცელებს. ამასთანავე, ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ტრენინგების მასალების თარგმნასა და შესაბამისი ოლქებისთვის მრავალენოვანი ბიულეტენების ბეჭდვასაც უზრუნველყოფს.
ისლამოფობიური და ქსენოფობიური რიტორკა პოლიტიკური დისკურსის ნაწილს წარმოადგენს.
წინასაარჩევნო კამპანიაში ანტი-თურქული გზავნილების გამოყენების გამო პარტია პატრიოტთა ალიანსი დაჯარიმდა. მთიან ყარაბაღში განახლებულმა კონფლიქტმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც წინასაარჩევნო ანტაგონიზმის შემთხვევები ადრეც დაფიქსირებულა, უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანა. კონფლიქტზე ფოკუსირებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძლიეროს ეთნიკური უმცირესობების უსაფრთხოების პრობლემად წარმოჩენა და ამასთან დაკავშირებული სტიგმები.
… შშმ პირების უფლებებზე მომუშავე ჯგუფები კვლავ აღნიშნავენ, რომ ის უბნები, რომლებიც საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ადაპტირებულად არის მიჩნეული, შესაძლოა, კვლავ არ იყოს ყველასთვის მისაწვდომი, რადგან მისაწვდომობის კრიტერიუმები ცხადი არ არის გაწერილი.
საარჩევნო კამპანიაში ჰომოფობიური რიტორიკის აღმოფხვრის მიზნით, ლგბტ უფლებებზე მომუშავე ერთ-ერთი ორგანიზაცია, პარტიებს მოუწოდებს შეუერთდნენ მრავალპარტიულ მემორანდუმს. ლგბტ უფლებების დამცველი ჯგუფების ოფისებზე თავდასხმები და მათი დისკრიმინაცია გრძელდება. ეს შემთხვევები გამოძიების პროცესშია, თუმცა ჯგუფები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიებში ამ ეტაპზე ჰომოფობია და ტრანსფობია არ ჭარბობს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
რეკომენდაციები:
► ამომრჩევლებისთვის დაბალანსებულ და სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა ყველა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რათა მოსახლეობას მათი ხედვები და გეგმები გააცნონ.
► მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად თავიანთი ლეგიტიმური ფუნქციების შესრულებისა და უფლებების რეალიზების საშუალება უნდა მიეცეთ – ყოველგვარი ჩარევის გარეშე. შესაბამისმა ორგანოებმა ინციდენტები დროულად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეთა ადეკვატურად სანქცირება უზრუნველყონ;
► გამჭვირვალობის გასაზრდელად და კამპანიების დაფინანსების წესების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, საარჩევნო კოდექსი უნდა მოიცავდეს დებულებებს ონლაინ გვერდებზე ან სოციალურ მედიაში განთავსებული რეკლამის დეკლარირების შესახებ, რომლებიც კამპანიის მიზნებისთვის გამოიყენება. ონლაინ განთავსებული რეკლამების შემოწმების გასამარტივებლად, არჩევნებამდე სახელმწიფო ორგანოებმა ფეისბუქთან კომუნიკაცია უნდა დაამყარონ;
► მთავრობამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, ჟურნალისტებმა და ონლაინ პლატფორმებმა არჩევნების დროს დეზინფორმაციის გამოსავლენად და მისი გავლენის შესამცირებლად მუშაობა უნდა გააგრძელონ და კიდევ უფრო გააძლიერონ. ასევე, საინფორმაციო სივრცის დამაზიანებელი ზეგავლენებისგან დაცვისა და საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად გრძელვადიანი სტრატეგიები უნდა დანერგონ;
► პოლიტიკურმა პარტიებმა კამპანიის დარჩენილ პერიოდში ქალი კანდიდატების მხარდამჭერი შიდა მექანიზმები უნდა დანერგონ.
► კამპანიის დარჩენილ დღეებში პარტიებმა ნაკლებად წარმოდგენილიჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების კონკრეტული გზები და დეტალები უნდა წარმოადგინონ.
► პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები უნდა მოერიდონ ისეთი თემების (მაგალითად, ყარაბაღში გამწვავებული კონფლიქტი) განხილვას, რაც შეიძლება დაპირისპირებისა და საზოგადოების განხეთქილების რისკს შეიცავდეს. ამის ნაცვლად მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ მოქალაქეების პრიორიტეტებზე ორიენტირებულ კამპანიაზე და უფრო მკაფიოდ ისაუბრონ ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე;
► პოლიტიკურმა პარტიებმა კამპანიებში ჰომოფობიური ენის გამოყენების წინააღმდეგ მრავალპარტიულ მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი;