ეტყობა, სხვა მოსაზრებები ჰქონდა | ზარქუა საბანაძის გადადგომაზე

პუბლიკა

ბელგიაში საქართველოს ელჩმა, ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია გადადგომაზე თავად ნატა საბანაძემ გაავრცელა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ის წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს. 

„ქართული ოცნების“ წევრებმა დღეს პარლამენტში საბანაძის გადადგომა შეაფასეს.

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მან თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. ნუ, ხდება, ეტყობა სხვა მოსაზრებები ჰქონდა. ჩვენ, ვინც ახალ ელჩთან ერთად დაინიშნება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტად, მეტი ძალისხმევით და შემართებით ვიმუშავებთ, რომ 2024 წელს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ღირსეული განაცხადი გააკეთოს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ნოდარ სარჯველაძის თქმით, მისთვის ელჩის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

„კონკრეტული ელჩის გადადგომისას მისი მოტივაციის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ – მომავალში როგორ უნდა გაგრძელდეს, რასაკვირველია, ყოველგვარი კომუნიკაცია ევროსტრუქტურებთან უმაღლესი ხარისხით უნდა ხორციელდებოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საბანაძის გადაწყვეტილებას გუშინვე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად რვა წლის განმავლობაში საქმიანობდა.

უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.

მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით.

წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მომავალ საქმიანობაში!“, – ვკითხულობთ მასში.