EU აცხადებს, რომ სანქციების შეცვლის წინაპირობა უკრაინიდან რუსული ჯარების უპირობო გაყვანაა

პუბლიკა

ევროკომისიის პრესსპიკერი ამბობს, რომ EU-ის სანქციების მოხსნის ან შეცვლის მთავარი წინაპირობა რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიებიდან სრულად გაყვანა იქნება.

ევროკავშირის ქვეყნებმა იანვრის ბოლოს და მიმდინარე თვის დასაწყისში კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ორი სასანქციო ჩარჩო – სანქციების ნებისმიერ ცვლილებას 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დასრულება და რუსული სამხედრო ძალების უპირობო გაყვანა უკრაინის სრული ტერიტორიიდან იქნება მთავარი წინაპირობა, რათა შეიცვალოს ან მოიხსნას სანქციები”, – თქვა მან.

25 მარტს რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ – კრემლმა მალევე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც შავი ზღვის შეთანხმებასთან დაკავშირებით რამდენიმე პირობაზეა საუბარი.

ამ პირობების მიხედვით, შეთანხმება ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ რუსულ ბანკებს, რომლებიც საკვებისა და სასუქის ექსპორტთან არიან კავშირში, სანქციები მოეხსნებათ და ისინი სრულად დაუბრუნდებიან SWIFT-ის სისტემას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმავე დღეს გამოეხმაურა მოლაპარაკებებს და განაცხადა, რომ უკრაინა საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაარღვევს შეთანხმებას, კიევი დამატებით სანქციებს მოითხოვს.