EU: ბიჭვინთის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა უკანონო, ძალის არმქონე და ბათილია

პუბლიკა

ევროკავშირი ეხმაურება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას და აცხადებს, რომ ეს უკანონოა.

„ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა აფხაზეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონის მიწების რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა, არის უკანონო, ძალის არ მქონე და ბათილი”, – ნათქვამია განცხადებაში. 

27 დეკემბერს, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პარლამენტმა ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა.

ე.წ პარლამენტს საკითხზე დღეს უნდა ემსჯელა. თუმცა, მათ შენობაში ღამე გაათენეს და კენჭისყრა დილის 6:00 საათზე ჩაატარეს.

შენობის გარეთ ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. ისინი აგარაკების რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებდნენ.

აფხაზური მედიის, „ნუჟნაია გაზეტას” ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი „ბიჭვინთა” რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა. კერძოდ: ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის.

ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.

17 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ბიჭვინთაში რეზიდენციის მოწყობა უნდა.