ესტონეთმა, ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა.
ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.
როგორც განცხადებაშია მითითებული, ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის იმპლემენტაციაც თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ეს ნაბიჯი პასუხია „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე სამოქალაქო საზოგადოების, აქციების მონაწილეებისა და მედიის მიმართ.
„დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის მოთხოვნის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რიგითი ადამიანების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობას და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ“, – განაცხადა ცაჰკნამ.
მისივე თქმით, ევროკავშირში ასევე განიხილება ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა.
ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი 27 იანვარს შეუჩერა.
გადაწყვეტილება შეეხებათ:
- საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
- საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს.
- დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზო რეჟიმით სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი (90 დღე) ვიზიტების დროს.