„ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ არჩევნებამდე მისი ხელისუფლება ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის”, – ამის შესახებ სააგენტო Reuters 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნის პროექტის ტექსტზე დაყრდნობით წერს.
„საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო მოსახლეობის გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოქალაქეები ევროკავშირთან გაერთიანების მომხრენი არიან.
„ქართული ოცნების” მზარდი მეგობრული რიტორიკა რუსეთის მიმართ, სადაო კანონი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისგან უცხოელ აგენტებად დარეგისტრირებას ითხოვს, კანონმდებლობა, რომელიც ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს – ამ ყველაფერმა დასავლეთი დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია”, – წერს გამოცემა.
Reuters-ის ცნობით, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ:
„ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის და გაწევრების პროცესს ფაქტობრივად აჩერებს.
ევროპული საბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები უზრუნველყოს“, – ნათქვამია სამიტის დასკვნის პროექტში.
სააგენტო წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან.