EU-ის ლიდერები შეთანხმდნენ ლაიენის, კალასისა და კოშტას კანდიდატურებზე - POLITICO

პუბლიკა

გამოცემა POLITICO წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ წამყვანი თანამდებობების დასაკავებლად ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასისა და ანტონიუ კოშტას კანდიდატურებზე.

ლაიენი კვლავ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, კაია კალასი ჯოზეფ ბორელს შეცვლის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე, ხოლო კოშტა ევროპული საბჭოს პრეზიდენტად შარლ მიშელს ჩაანაცვლებს.

კანდიდატებზე მსჯელობდა EU-ის 6 ლიდერი, მათ შორის არიან საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ასევე, ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონი და ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე.

მედიის ცნობით, შეთანხმებული კანდიდატების სახელები ხუთშაბათს, 27 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერებს წარედგინებათ დასამტკიცებლად.

EU-ის ლიდერები რამდენიმე კვირაა მსჯელობენ წამყვანი თანამდებობების კანდიდატებზე. გასულ კვირას POLITICO წერდა, რომ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურის ირგვლივ, რის გამოც, მსჯელობა მომდევნო შეხვედრისთვის გადაიდო.