EU-ის ლიდერებმა კონკურენტუნარიანობასა და ეკონომიკის რეფორმაზე იმსჯელეს

პუბლიკა

12 თებერვალს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ არაფორმალურ სამიტზე, რომელიც მერყევ გლობალურ ეკონომიკაში კონტინენტის ეკონომიკური მომავლის უზრუნველყოფას მიეძღვნა.

სამიტი ბელგიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ალდენ ბისენის სასახლეში გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემაა, თუ როგორ აღიდგინოს ევროპამ ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა აშშ-სა და ჩინეთთან მიმართებით ეკონომიკური საფრთხეებისა და პოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში.

დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილებები არ მიღებულა, ვინაიდან ის არაფორმალური იყო. საბოლოო გადაწყვეტილებები ევროკავშირის მარტის სამიტზე მიიღება.

დღევანდელ სამიტს 19 ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. ალდენ ბისენის სასახლეში არ ყოფილან ექსპანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, სლოვენიის, მალტის, ლიტვის, ლიეტუვის და ესტონეთის წარმომადგენლები.

არაფორმალურ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და იტალიის კიდევ ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ენრიკო ლეტა. ორივე მათგანმა 2024 წელს ევროკავშირის დაკვეთით მოამზადა დამოუკიდებელი ანგარიშები ევროკავშირის ეკონომიკური სტაგნაციისა და კონკურენტუნარიანობის პრობლემების გადასაჭრელად.

2024 წლის კონკურენტუნარიანობის ანგარიშში დრაგიმ წლიური საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით 800 მილიარდ ევროდ შეაფასა. მას შემდეგ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) ეს მაჩვენებელი წელიწადში 1.2 ტრილიონ ევრომდე გაზარდა, ვინაიდან გაიზარდა ევროპის საჭიროებები თავდაცვის სფეროში.

„ერთი ევროპა, ერთი ბაზარი – ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, და ეს არის ჩვენი ამბიცია“, – განაცხადა არაფორმალური სამიტის დასრულების შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ მალე ევროკავშირი წარადგენს კიდევ ერთ რუკას იმ რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა გატარდეს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად. მისი პრეზენტაცია მარტის სამიტამდე მოხდება.

„ზეწოლის ქვეშ მთების გადადგმა შეგვიძლია“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ დღეს ევროკავშირის ლიდერებმა „გზა გაუკაფეს მარტში კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმებას“.

მისი თქმით, რეფორმები „გადაუდებელია და უნდა განხორციელდეს 2026 და 2027 წლებში“.

ევროკავშირის ლიდერები საუბრობენ მეტ ინვესტიციაზე ტელეკომის და ტექნოლოგიების სფეროში, რათა ამ კუთხით მეტ დამოუკიდებლობას მიაღწიონ.

ბრიუსელში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ ტექნოლოგიების დამოუკიდებლობაა – ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი ძალიან არიან დამოკიდებული ამერიკულ ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე, მათ შორის, Google-სა და AWS-ზე და მათი ევროპული ანალოგებით ჩანაცვლება სურთ. თუმცა, ზოგიერთი ლიდერი იმასაც აცნობიერებს, რომ სრულად ჩანაცვლება შეუძლებელია.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ვაჭრობის და ინვესტიციების საკითხები.

დასავლური მედია წერს, რომ ევროპის კონკურენტუნარიანობის შემცირების საკითხი ევროკავშირს დიდი ხანია აწუხებს, თუმცა მან განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც 2022 წელს რუსული გაზის მოულოდნელმა დაკარგვამ, დონალდ ტრამპის სავაჭრო ომებმა და ჩინეთის მიერ სახელმწიფო სუბსიდიების მეშვეობით ეკონომიკური დომინირების მცდელობამ ევროპის მტკივნეული სუსტი წერტილები გამოაჩინა.

სწორედ ამ ფონზე განიხილავს ევროკავშირი ერთ დროს „ტაბუდადებულ“ პოლიტიკას – ევროპული პროდუქციისთვის უპირატესობის მინიჭებას. ეს გულისხმობს ევროპული კომპანიების მხარდაჭერას ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ტექნოლოგიები.

ინიციატივა „იყიდე ევროპული“, რომელსაც დიდი ხანია, მხარს უჭერს საფრანგეთი, შეიძლება ნიშნავდეს მთავრობებისთვის ვალდებულების დაკისრებას, რომ სახელმწიფო შესყიდვებისას პრიორიტეტი ადგილობრივი წარმოების საქონელს მიანიჭონ.

ამავე დროს, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ გამოხატა სურვილი, დროებით აამოქმედოს „მერკოსურის“ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არგენტინასთან, ბრაზილიასთან, პარაგვაისა და ურუგვაისთან.

მერკუსორის“ ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას ეწინააღმდეგება საფრანგეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

ისინი მიზეზად ასახელებენ ადგილობრივი ფერმერების შეშფოთებას ლათინოამერიკული საქონლის იმპორტით გამოწვეული უსამართლო კონკურენციის გამო.

მერკუსორის“ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი ევროპარლამენტმა 21 იანვარს შეაჩერა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს (ECJ) გადასცა, რათა გადამოწმდეს მისი შესაბამისობა ევროკავშირის სამართალთან. მიუხედავად ამისა, ევროკავშირს შეუძლია, ის დროებით აამოქმედოს მას შემდეგ, რაც „მერკუსორის“ ერთი ან რამდენიმე ქვეყანა დაასრულებს რატიფიკაციას დაასრულებს, ეს კი შესაძლოა, თებერვლის ბოლოს ან მარტში მოხდეს.

დღეს ანტონიო კოშტამ ასევე თქვა, რომ „ევროპას ინვესტიციები აკლია“. მისივე განცხადებით, საჭიროა „ერთიანი და ეფექტიანი ფინანსური სისტემა, რომელიც უკეთ შეძლებს, ევროპულ დანაზოგები გადააქციოს ინვესტიციებად ევროპაში. მაგრამ ასევე გადამწყვეტ როლს ითამაშებს საჯარო ინვესტიციები“.

„საბოლოო მიზნებია: ეკონომიკური ზრდა; ინდუსტრიული ინოვაცია; ხარისხიანი სამუშაო ადგილები; და ხელმისაწვდომობა“. – განაცხადა ანტონიო კოშტამ.

გარდა ამისა,  ევროკავშირის რამდენიმე ლიდერმა, მათ შორის ფონ დერ ლაიენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მხარი დაუჭირეს ე.წ. „ორსიჩქარიანი“ ევროპის წინადადებას.

ეს არის ტაქტიკური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს რეფორმების განხორციელებას ერთსულოვნების, ანუ 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობის პრინციპის გვერდის ავლით, რაც კონკურენტუნარიანობის დაბრკოლებად მიიჩნევა იმ ფონზე, რომ ევროკავშირს სტრატეგიული მეტოქეობა უწევს აშშ-სა და ჩინეთთან.

ევროკავშირის ლიდერების მიერ განხილული კიდევ ერთი საკითხი იყო „28-ე რეჟიმი“ – ეს არის ჰარმონიზებული და ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც შექმნილია ევროკავშირში ბიზნესის ეროვნული კანონმდებლობის პარალელურად ფუნქციონირებისთვის. მისი მიზანია ტრანსსასაზღვრო ოპერაციების გამარტივება, შესაბამისობის ხარჯების შემცირება და მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდის მხარდაჭერა. „28-ე რეჟიმი“ კონკურენტუნარიანობის დღის წესრიგის საკვანძო ელემენტია.