EU-ის მიერ ცის ჩაკეტვის ფონზე, საქართველოს ცაზე ამჟამად 4 რუსული რეისი სრულდება - flightradar24-ის მონაცემები

პუბლიკა

flightradar24-ის მონაცემებით, დღეს, 28 თებერვალს 13:45 საათის მდგომარეობით, საქართველოს ცაზე 4 რუსული სამგზავრო თვითმფრინავი დაფრინავს – მოსკოვი-სტამბოლი, მოსკოვი-შარმ ელ შეიხი, მოსკოვი-ანტალია, მეთხე რეისის დანიშნულების ადგილი ვებგვერდზე მითითებული არ არის.

უკრაინის სამხედრო ინტერვენციის გამო იზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებმაც საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების გადაადგილების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის 32 ქვეყანას რუსეთის თვითმფრინავებისთვის ცას ჩაკეტილი აქვს. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს, დიდ ბრიტანეთს, კანადას და ა.შ. მათ შორის არ არის საქართველო.

გუშინ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საჰაერო სივრცე ჩაიკეტება რუსეთის მფლობელობაში, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის.

„ეს ხომალდები ვერ გადაუფრენენ, ვერ დაეშვებიან და ვერ გაემგზავრებიან“, – განაცხადა ლაიენმა.